სოფელი ჩხაკაურა ბახმაროს ცნობილი კურორტისკენ მიმავალ გზაზე, გურიის მთებში მდებარეობს. ეს დასახლება არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით იწონებს თავს, არამედ მშრომელი მოსახლეობითაც, რომელთაგან რამდენიმე უკვე გაგაცანით ჩვენს ბლოგში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „სამეგობრო 2014-ის“ წარმატებულ ისტორიაზე მოგითხრობთ. მეთევზეებმა ეს კოოპერატივი ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირეს და მას შემდეგ ის სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. კოოპერატივს კარგი კავშირები აქვს ბაზართან, როგორც აღჭურვილობის და ნედლეულის მომწოდებლებთან (უკუკავშირი), ისე – რესტორნებთან, სასტუმროებთან, ბითუმად მოვაჭრეებსა და ადგილობრივ მომხმარებლებთან (პირდაპირი კავშირი).
როგორც ამ მოკლე დოკუმენტურ ვიდეოშია ნაჩვენები, ENPARD-ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივი „სამეგობრო 2014“ ხელს უწყობს და თავადაც იღებს სარგებელს ადგილობრივი ბაზრის განვითარებისგან. კოოპერატივის წევრები ნელ-ნელა გაიცნეს ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეებმა და მათ შორის მტკიცე ურთიერთობები ჩამოყალიბდა. კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი, ოთარ გიორგაძე აღნიშნავს: „არავინ მიცნობდა მე... დღეს ჩვენ გვიცნობენ და კოოპერატივს მეტად ენდობიან“. დღეს კოოპერატივი რეგულარულად აწვდის კალმახს ქუთაისის ყველაზე პოპულარულ სუპერმარკეტების ქსელს „გურმანს“. კარგად განვითარებული კავშირები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც კოოპერატივი „სამეგობრო 2014“ სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი გახდა.
რაც შეიძლება მეტი კავშირი
ათწლეულების წინ, ეკონომისტმა ალბერტ ო. ჰირშმანმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის წახალისებაში კავშირების მნიშვნელობაზე. სოფლის მეურნეობის თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვებისთვის სულ უფრო მეტად არის დამახასიათებელი ჰორიზონტული და ვერტიკალური კავშირები. ჯაჭვის ერთ დონეზე მყოფ მონაწილეებს შორის ჰორიზონტული კავშირის კარგი მაგალითია ფერმერული კოოპერატივები. ვერტიკალური კავშირები კი მყარდება ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის მონაწილეებს (მაგ.: ფერმერსა და გადამამუშავებელს) შორის. ლიტერატურა განასხვავებს ვერტიკალური კავშირის ორ ტიპს – უკუ და პირდაპირ კავშირებს1. უკუკავშირი ყალიბდება მაშინ, როდესაც ჩნდება ახალი მოთხოვნა შუალედურ ნედლეულზე საბოლოო პროდუქციის საწარმოებლად. მაგალითად, როდესაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათბურში მოჰყავს მარწყვი, კოოპერატივის წევრებმა შეიძლება შეიძინონ სათბურის ასაშენებლი მასალები, წვეთოვანი ირიგაციის სისტემა, ნერგები ან სასუქი. ეს დამატებით უწყობს ხელს ამ ნედლეულის ბაზრების განვითარებას და, იმედია, ნედლეულის მიმწოდებლები, საბოლოოდ, შეძლებენ, მიაღწიონ მასშტაბის მეტ ეკონომიას წარმოებასა და დისტრიბუციაში და შეამცირონ ხარჯები (წარმოების ხარჯები, რითაც, თავის მხრივ, ფერმერებს შეუმცირდებათ ნედლეულის ხარჯი). პირდაპირი კავშირი ყალიბდება მაშინ, როდესაც თავად წარმოებული პროდუქტია ნედლეული. პირდაპირი კავშირის მაგალითია კავშირი მევენახეს ან მევენახეების კოოპერატივსა და ღვინის მწარმოებელს შორის, რომელიც მათგან ყურძენს შეისყიდის ადგილობრივი თუ საექსპორტო ბაზრისთვის ღვინის საწარმოებლად. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია ჰორიზონტული და ვერტიკალური კავშირები.
გრაფიკი: ღირებულებათა ჯაჭვის ჰორიზონტული და ვერტიკალური კავშირები
კავშირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გამოწვევები
თუმცა კავშირების ჩამოყალიბება ადვილი საქმე არ არის.
ჰორიზონტული კავშირების (მაგ. კოოპერატივების) ჩამოსაყალიბებლად ბევრი გამოწვევის გადალახვაა საჭირო: ფერმერებს შორის ნდობის ჩამოყალიბება, თანამშრომლობის ხარჯი (შეხვედრების ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება და სხვ.) და დამოუკიდებელი მოთამაშის პრობლემა, სხვა მრავალს შორის. რაც შეეხება ვერტიკალურ კავშირებს, აქ გვხვდება ნედლეულის მიმწოდებლისა და პროდუქტის შემსყიდველის მოძიების ხარჯი. ზოგიერთ შემთხვევაში, უკუ კავშირების ჩამოყალიბებას ხელს უშლის შეზღუდვები კრედიტზე, ეს განსაკუთრების აბრკოლებს დამწყებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს (რადგან მათ არ აქვთ საგირავნო ქონება, გამართული აღრიცხვიანობა და სხვ.). კონტრაქტების დადებასა და ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნას ტრანზაქციის სხვა ხარჯებიც ახლავს თან. ამ უკანასკნელის მაგალითია საკვების უვნებლობის და მიკვლევადობის მოთხოვნები, რომლებიც დღეს გვხვდება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვებში მთელ მსოფლიოში. განვითარებად ქვეყნებში ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს ხშირად ძალიან ძვირი უჯდებათ ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. მეორე მხრივ, ასეთი მოთხოვნები კავშირების განვითარების მთავარი განმაპირობებლებია, რადგან გულისხმობს ძლიერ ურთიერთდამოკიდებულებას ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის. დაბოლოს, მარეგულირებელი რეჟიმის მიუხედავად, ბევრი მომხმარებელი ითხოვს, რომ რეგულარულად მიიღონ კონკრეტული რაოდენობა იმ პროდუქტებისა, რომელსაც ყიდულობენ და შემდეგ აწვდიან საბოლოო მომხმარებლებს. განვითარებად ქვეყნებში მცირე ზომის ფერმერებს არ შეუძლიათ ამ გამოწვევებთან გამკლავება. ერთ ფერმერს განცალკევებულად არ შეუძლია ბიზნესწრის ჩამოყალიბება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობასა და ხარისხზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა ამ გამოწვევებიდან ზოგიერთის დაძლევა შესაძლებელია კოოპერატიულად – მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებით.
კავშირები ქართულ სოფლის მეურნეობაში
სამ წელიწადზე მეტია, საქართველოს მთავრობა და დონორები ევროკავშირის მეთაურობით, ხელს უწყობენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. ჩვენ ეს ინიციატივა დეტალურად განვიხილეთ რამდენიმე ბლოგში. ქვეყანაში ბევრი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩამოყალიბდა და ზოგიერთმა უკვე გადალახა მთავარი გამოწვევები, რაც თან ახლავს კარგი ჰორიზონტული კავშირების შექმნას. თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობა. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად არის საჭირო, კარგი ვერტიკალური ინტეგრაციაა.
საქართველოში რამდენიმე წამატებულმა კოოპერატივმა უკვე შეძლო სტაბილური უკუ და პირდაპირი კავშირების შექმნა. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი კავშირები თავად კოოპერატივის შიგნით ყალიბდება, როდესაც კოოპერატივი ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვის რამდენიმე ეტაპში. მეორე დონის კოოპერატივების ჩამოყალიბება დამატებით შეუწყობს ხელს ქართულ სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში სიცოცხლისუნარიანი კავშირების ჩამოყალიბებას.
სამეგობრო 2014-ის წარმატებული ბიზნესმოდელი ასე შეიძლება შეჯამდეს:
• ეკონომიკურად ორმხრივად მომგებიან ურთიერთობაზე დაფუძნებული ძლიერი კავშირები (როგორც ჰორიზონტული, ისე ვერტიკალური) ღირებულებათა ჯაჭვში. ჩვენი კალმახის კოოპერატივი სწორედ ასეთი შემთხვევაა, მისი თითოეული წევრი იღებს სარგებელს კოოპერატივის წევრობიდან, ერთობლივად ნედლეულის შესყიდვით თუ კალმახის გაყიდვით.
• უფრო მაღალი ღირებულების მქონე ბაზრებზე შესვლა და ღირებულებათა ჯაჭვის უფრო მომგებიანი ფუნქციების შესრულება. საქართველოში კალმახის სექტორში ღირებულებათა ჯაჭვი მოკლეა (უმეტესად სრულდება „თეფშის ზომის“ თევზის, შემწვარის ან მოხარშულის, მოხმარებით), თუმცა იზრდება წარმოების მოცულობა და ამასთან, კოოპერატივმა შემოსავლის წყაროც გაამრავალფეროვნა. კერძოდ, მათ გამოჰყავთ ქვირითი და ლიფსიტები, ამ უკანასკნელს კი შემდეგ სხვა ფერმერებზე ჰყიდიან. გარდა ამისა, კოოპერატივის წევრები საკალმახეების ირგვლივ კოტეჯებს აშენებენ და გეგმავენ, სტუმრებს გაუწიონ ტურისტული მომსახურება, უგემრიელესი კალმახის კერძების შეთავაზების ჩათვლით.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ჰორიზონტული კავშირები, როგორებიცაა ფერმერული კოოპერატივები, კარგი დასაწყისია, თუმცა საკმარისი არ არის. ქართულ სოფლის მეურნეობაში სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელების გასავითარებლად არსებითია კარგი ვერტიკალური კავშირების ჩამოყალიბება და ჯაჭვში დამატებითი ღირებულების შექმნა. თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვები ორიენტირებულია არა შიდა კონკურენციაზე, არამედ ერთმანეთთან მეტად ინტეგრაციასა და ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭრის მოსაპოვებლად ერთად მუშაობაზე.
1 ალბერტ ო. ჰირშმანმა უკუ და პირდაპირი კავშირის კონცეფციები პირველად გამოიყენა ნაშრომში „ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ (1958 წ.), იელის უნივერსიტეტის პრესა.
* * *
სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.