შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მეტი თანასწორობა მეტი ზრდისთვის
ორშაბათი, 29 მაისი, 2017

ჯერ კიდევ XII საუკუნეში წერდა კაცებისა და ქალების თანასწორობაზე უდიდესი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი. რამდენად ვიზიარებთ მის იდეებს დღეს?

ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწა მემკვიდრეობით ქალს დარჩეს. მიწა ფასეული აქტივია და ტრადიციებით ის კაცს რჩება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოჯახის კეთილდღეობა. მეორე მხრივ, ხალხი თვლის, რომ ქალების უფლება მიწაზე უნდა შეიზღუდოს, რომ მიწა დარჩეს ოჯახშის საკუთრებაში. გარდა ამისა, ხშირად ხალხს ჰგონია, რომ კაცებს უფრო შეუძლიათ ფერმაში მუშაობა, ვიდრე ქალებს.

რატომ არის ეს პრობლება

როდესაც სოფლის მეურნეობის დაბალპროდუქტიულობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის აღვნიშნავთ ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განათლების ნაკლებობას, სოფლის მეურნეობაში გამოცდილი პროფესიონალების დეფიციტს და არაერთ სხვა მიზეზებს, თუმცა დაბალი პროდუქტიულობის მიზეზად იშვიათად განვიხილავთ გენდერულ და სოციალურ უთანასწორობას.

სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ, ქალებს და კაცებს თანაბრად რომ მიუწვდებოდეთ ხელი მიწასა და სხვა რესურსებზე, სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება გაიზრდებოდა განვითარებად ქვეყნებში. ეს კი მსოფლიოში შიმშილს 12-17%-ით შეამცირებდა (სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, 2011 წ.).

სხვა კვლევებითაც დასტურდება, რომ ქალების პოტენციალი ჯეროვნად გამოყენებული არ არის. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში გენდერული უთანასწრობა რეალურ ხარჯებს იწვევს, რადგან იკარგება სოფლის მეურნეობის უფრო დიდი გამოშვების, სასურსათო  უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი. ნედლეულსა და რესურსებზე კონტროლის კაც და ქალ ფერმერებს შორის განაწილებაში ცვლილებების შეტანა არამხოლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობას, სურსათის და საკვების უსაფრთხოებას, არამედ დადებით გავლენას იქონიებს განათლების შედეგებზე (თინა დ. ბეშელი, 2016 წ.).

მეტიც, კლასენის და ლამანას კვლევის თანახმად, სამუშაო ძალაში ქალების მონაწილეობის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა ზრდის პროდუქტიულობას სოფლის მეურნეობაში და განაპირობებს მდგრად განვითარებას. ამ თემაზე არსებული ლიტერატურის მიხედვით, განსხვავდება ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელი ქალებს და კაცებს შორის, რადგან განსხვავდება მათი როლები, ძალაუფლება და უფლებები ოჯახში (ა. ერდევიკი, 2015 წ.).

სიტუაცია საქართველოში

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული – სამუშაო ძალის 45%. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობას არასახარბიელო შედეგები აქვს (მისი წილი მშპ-ში 9%-ია) და პროდუქტიულობა ძალიან დაბალია.

საქსტატის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში 2015 წელს დასაქმებული იყო 2635 ქალი და 9204 კაცი. აგრარულ საწარმოებში კაცების საშუალო ხელფასი (613 ლარი) 35%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ქალების ხელფასი (455 ლარი).

ცხრილი: საოჯახო მეურნეობების მიერ დამუშავებული მიწის ფართობის განაწილება (სქესის ან ფერმის მეთაურის მიხედვით).

  2010 2011 2012
მთლიანი მიწის ფართობი (იჯარით აღებული მიწის ჩათვლით ქალები კაცები ქალები კაცები ქალები კაცები
  22 78 21 79 20 80
წყარო: საქსტატი            

მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ქალების დასაქმება დაბალია, ქალების მონაწილეობა ფერმერულ საქმიანობაში გაცილებით მაღალია. უმეტესად, საოჯახო ფერმაში ქალების შრომა არ არის ანაზღაურებული. კომპლექსური საოჯახო საქმის გარდა, ქალები ჩართული არიან სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოებაში, მოსავლის აღებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაში, გაყიდვაში, საქონლის მოვლაში, საკვების დამუშავება-მომზადებაში, ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და სახლის მოვლაში.

ზოგადად, კაცები უფრო ჩართული არიან ფერმის მართვასა და ფინანსების გადანაწილებასთან დაკავშირებული საქმეების დაგეგმვასა და მეთვალყურეობაში.

კაცებსა და ქალებს შორის საქმის ასეთი უთანასწორო განაწილების მიზეზი რესურსების არათანაბარ განაწილებაში უნდა ვეძებოთ. ქალსა და კაცს შორის უთანასწორობა სხვადასხვა რესურსის ფლობის თვალსაზრისით აისახება ფერმერებში ქალების დაბალ წილში. საქართველოს ფერმერთა ასოციაციას 1971 ფერმერი წევრი ჰყავს, მათგან მხოლოდ 24%-ია ქალი.

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2012 წელს ქართული მიწის მხოლოდ 20%-ს ამუშავებდნენ ქალები. ტრადიციულად, ქონება მამაკაცის საკუთრება ხდება, ამიტომ ქალებს ნაკლები სტიმული და შესაძლებლობა აქვთ, მისდიონ მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას.

მაგალითად, ტექნოლოგიების დანერგვა დადებითად არის დაკავშირებული ფერმერის კეთილდღეობასთან: მდიდარ ფერმერს რისკების აღების მეტი შესაძლებლობა აქვს და ამიტომ მეტია შანსი, რომ მათ ახალი ტექნოლოგიები მოსინჯონ. ქალები ნაკლებ მიწას ფლობენ და, შესაბამისად, ნაკლებად მდიდრები არიან საერთო ჯამში, ამიტომ, ნაკლები შანსია, რომ მათ რიკსი იტვირთონ. გარდა ამისა, ქალებს, ვისაც არ აქვს მიწა, უჭირთ ბანკიდან სესხის აღება, რადგან არ გააჩნიათ უზრუნველყოფა მიწის სახით.  ფინანსებზე შეზღუდული წვდომა არ აძლევს მათ საშუალებას, განავითარონ ფერმერული საქმიანობა და აითვისონ ახალი ტექნოლოგიები, კაცებს კი, მათგან განსხვავებით, გაცილებით ადვილად მიუწვდებათ ხელი კრედიტსა და ტექნოლოგიებზე.

როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა

გენდერული უთანასწორობა მიწასა და სხვა რესურსზე ფლობის თვალსაზრისით აფერხებს სოფლის მეურნეობის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.

საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობენ, ცდილობენ, გააუმჯობესონ ქალების ჩართულობა ფერმის მართვაში და ზოგადად, მათი მონაწილეობა დასაქმებაში. მათ ამ კუთხით სხვადასხვა პროგრამა წამოიწყეს.

თუმცა, ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა მთავრობის მხრიდან. უფრო დიდი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და სოფლად შრომის ბაზრის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საჭიროა უფრო მეტი პოლიტიკური ინტერვენციები. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გავლენას იქონიებს იმ ეკონომიკურ სტიმულებსა და სოციალურ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა ქალს მიწის ფლობა, მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება დარა ტიპის სამუშაო შეუძლია შეასრულოს ქალმა. ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ მიწის მემკვიდრეობითი მიღება დამოკიდებული უნდა იყოს არა სქესზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად არის ოჯახის წევრი დაინტერესებული სოფლის მეურნეობითა და ფერმერობით.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა