შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

წარმატებული თებერვალი ელექტროენერგიის წარმოებისთვის: შარშანდელი ვნებათაღელვის შემდეგ, შეფასების დრო დადგა
ორშაბათი, 16 აპრილი, 2018

2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს. პოლიტიკის ამ ვარიანტების მიზანი არის მომავალში ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების თავიდან აცილება, რაც შეიძლება ელექტროენერგიის გათიშვებმა და სწრაფად მზარდმა ფასებმა გამოიწვიოს. სტრატეგიების უმეტესობა ხაზს უსვამს ქვეყნის ჰიდროელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრის გაფართოების მნიშვნელობას, რაც ნამახვანის, ონის კასკადისა და ნენსკრას ჰიდროელექტრო კაშხლის მშენებლობის საჭიროებაზე მეტყველებს.

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება (მლნ კვტ/სთ)

თუმცა, თუ 1-ელ გრაფიკს შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2017 წელს მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობა 204 მლნ. კვტ/სთ. იყო, რაც ერთ წელიწადში (2018 წლის იანვარში) 126 მლნ. კვტ/სთ-მდე შემცირდა. სხვაობა შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალაშენებული შუახევის ჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 178 მეგავატია, ჯერ კიდევ არ მუშაობს სრული დატვირთვით, თბოელექტროსადგურების მთლიანი წარმოება 2017 წლის თებერვალთან შედარებით, 24%-ით შემცირდა, რაც თბოელექტროსადგურების აუთვისებელი მოცულობის ზრდაზე მეტყველებს. საერთო ჯამში, ქართულმა ჰესებმა 934 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რითიც საერთო წარმოება, წინა წელთან შედარებით (2017 წლის თებერვალში მთლიანი წარმოება 809.2 მლნ. კვტ. სთ იყო) 15%-ით გაიზარდა. 2017 წლის თებერვალთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე უმნიშვნელოდ, 5%-ით გაიზარდა და 1,060 მლნ. კვტ/სთ-ს მიაღწია.

მოთხოვნა-წარმოებას შორის სხვაობის შემცირებამ განაპირობა იმპორტის შემცირებაც (-33% 2017 წლის თებერვალთან მიმართებაში). 2018 წლის თებერვალში საქართველომ იმპორტით შემოიტანა 168 მლნ. კვტ. სთ. ელექტროენერგია. 2017 წლის იანვართან შედარებით, 2018 წლის იანვარში 1 კვტ. სთ. ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი 5.3 ცენტამდე (12.99 თეთრამდე) გაიზარდა (52%-იანი ზრდა). ელექტროენერგია ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიოდა (იხ. გრაფიკი 2). განვლილი ოთხი თვიდან 3 თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე არ გაუტანია.

გრაფიკი 2. იმპორტ/ექსპორტი (მლნ. კვტ/სთ) და იმპორტ/ექსპორტის ფასები (ცენტი/კვტ/სთ)

წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოთხოვნა-წარმოებას შორის სხვაობის შემცირებამ შედარებით ოპტიმისტურად უნდა განგვაწყოს ქართული ელექტროენერგიის ბაზრის მომავლისადმი და ნაკლებად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხშირი გაფრთხილებები, თითქოს ელექტროენერგიის გათიშვებისა და მზარდი მოთხოვნით გამოწვეული ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად სექტორში მეტი ინვესტიციაა საჭირო? არა აუცილებლად. რეალურად, აშკარა გაუმჯობესების მიუხედავად, ზეიმი ნაადრევი იქნებოდა. 2018 წლის მოთხოვნა-წარმოებას შორის სხვაობა ბოლო ათწლეულის მეოთხე ყველაზე დიდ სხვაობად რჩება (იხ. ცხრილი 1), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტენდენცია უფრო მჭიდრო ბაზრისკენ იხრება. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში კრიზისი გველოდება, მაგრამ ტენდენცია ხაზს უსვამს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების განვითარების აქტიური მონიტორინგის საჭიროებას. ამასთან, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების ზრდაც.

ცხრილი 1. ყველაზე დიდი სხვაობა ელექტროენერგიის წარმოებაში 2006 წლის შემდეგ

თვე სხვაობა წარმოებაში (მლნ. კვტ/სთ.) სხვაობის წილი მთლიან წარმოებაში
მარტი, 2017 წელი 280 38%
თებერვალი, 2017 წელი 204 25%
იანვარი, 2018 წელი 156 15%
იანვარი, 2017 წელი 131 14%
თებერვალი, 2018 წელი 126 13%
ოქტომბერი, 2017 წელი 121 15%

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ESCO)

უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმოების მსხვილი ზრდა, რომლის წყალობითაც სხვაობა შემცირდა, ძირითადად განაპირობა ორმა ძირითადმა (გამონაკლისმა) ფაქტორმა. პირველი, ქარისა და ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა ამინდმა. 2017 წლის თებერვლის შემდეგ არ ამუშავებულა არც ერთი ახალი ჰესი ან ქარის ელექტროსადგური, ამიტომ წარმოების ზრდა განაპირობა სეზონური ჰესების წარმოების 37%-იანმა ზრდამ, მცირე ჰესების 68%-იანმა ზრდამ და ქარის ენერგიის წარმოების 7%-იანმა ზრდამ. მეორე, ტექნიკური ფაქტორებია. 2017 წლის თებერვალში, ტექნიკური სამუშაოების გამო, ენგურისა და ვარდნილის უმსხვილესი ჰესების კასკადი გარკვეული პერიოდი გამოუყენებელი იყო, როცა 2018 წლის თებერვალში სრული სიმძლავრით მუშაობდა. ამიტომ, მართალია, 2017 წელს ვითარება იმაზე სერიოზული ჩანდა, ვიდრე იყო, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წარმოება ისეთივე ტემპით გაიზრდება, როგორც 2017-დან 2018 წლამდე.

ამავდროულად, ამჟამად არსებობს რამდენიმე პოტენციურად კრიტიკული ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება დააჩქაროს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა. მათ შორისაა: ქვეყნის ზოგიერთ ნაწილებში სუბსიდირებული ელექტროენერგიის მიწოდება1, რაც ახალისებს ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას (ენერგო-ინტენსიური ეკონომიკური აქტივობებისადმი (მაგ. ბიტკოინის მაინინგისადმი) ინტერესის ზრდასთან ერთად), და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან2 ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პოტენციური ზრდა (რეგიონი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 240,000, უკვე მოიხმარს იმდენივე ელექტროენერგიას, რამდენსაც თბილისი). ამ ვითარებამ შეიძლება მომავალში შექმნას დაძაბულობები ელექტროენერგიის ბაზარზე, რაც შეიძლება კიდევ უფრო პრობლემური იყოს, რადგან იმპორტის ფასები სავარაუდოდ გაიზრდება.

წინსვლა

ამ სიტუაციაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ჭკვიანური მიდგომა იქნებოდა ხელსაყრელი მოკლევადიანი ტენდენციებით სარგებლობა, რაც ნაკლებად საჩქაროს გახდიდა გადაუდებელი ზომების მიღებას, და მოქმედ ენერგეტიკულ პოლიტიკას გადახედავდა. ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით, ეს შეიძლება ნიშნავდეს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების როლის გადახედვას, განსაკუთრებით ელექტროენერგიის წარმოებაში ახალი შესაძლებლობების გაჩენის ფონზე. ჯერ კიდევ 2013 წელს გიორგი ქელბაქიანი წერდა ISET Economist-ში, რომ ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა გადახედავდა მის „ჰიდროელექტროენერგიის აკვიატებას“, რადგან ჰიდროელექტროენერგიას, მნიშვნელოვანი და მზარდი პოტენციური გარემოსდაცვითი ხარჯების მიუხედავად, რეალურად არ ჰქონდა მშრალ თვეებში მოთხოვნა-წარმოებას შორის მზარდი სხვაობის აღმოფხვრის პოტენციალი. ქელბაქიანი სანაცვლოდ სთავაზობდა მთავრობას, მეტი ყურადღება დაეთმო ალტერნატიული განახლებადი რესურსებისთვის (მაგალითად, ქარის ენერგიისთვის) და ამტკიცებდა, რომ გულდასმით შერჩეულ ლოკაციებზე დადგმულ ქარის მეურნეობებს შეიძლება ემოქმედა კონტრციკლურად: პიკური წარმოება სეზონებზე, როცა ჰიდროელექტროენერგიის წარმოება დაბალია და ჰიბრიდული წარმოების სტრუქტურაში რეზერვუარების მქონე ჰესებთან გაერთიანება, რასაც სულ უფრო მეტად იყენებენ მსოფლიოში. შეიძლება ეს კონკრეტული ვარიანტი ბევრმა არ გაიზიაროს (მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული წარმოების სადგურები რეზერვუარების მქონე ჰესებსა და ქარის მეურნეობებთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება), მაგრამ განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორში მომხდარი შთამბეჭდავი პროგრესი, რაც კვტ. სთ. ელექტროენერგიის ხარჯების მნიშვნელოვნად ამცირებს და ნეგატიური გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე დაჰყავს, ნამდვილად გვთავაზობს არაერთ საინტერესო ალტერნატივას ჰიდროელექტროენერგიის წარმოების დიდი ზრდის საპასუხოდ, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, საჭიროა, განვიხილოთ სუბსიდირებული ტარიფებიდან პროგრესული გადასვლა ისეთ ტარიფებზე, რომლებიც უკეთ ასახავს წარმოების ხარჯებს.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმამ, რომელზეც ISET Economist-ზე გამოქვეყნებულ წინა სტატიაში ვისაუბრეთ, შეიძლება ხელი შეუწყოს (თუ სწორად წარიმართება) ამ პროცესს, როგორც ყველაზე ეფექტიან წარმოების ტექნოლოგიებში ინვესტიციების წახალისების, ისე ელექტროენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, PPA-ის გაუქმება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან მისი გაუქმება ხელს შეუწყობს წარმოების მხარის დაბალანსებას და საშუალებას მისცემს ახალ მწარმოებლებს, რეალური ეფექტიანობისა და მომგებიანობის საფუძველზე გაუწიონ კონკურენცია მეტოქეებს.

საერთო ჯამში, ელექტროენერგიის ბაზრის შესახებ უახლესი მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ: უნდა გაგრძელდეს ბაზრის განვითარების მონიტორინგი; უნდა წახალისდეს ის საბაზრო სტრატეგიები, რომლებიც ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფი რეაქცია ჰქონდეთ საბაზრო პირობებში მომხდარ ცვლილებებზე, როგორც მოთხოვნის (ფასები ასახავს წარმოების რეალურ ხარჯებს), ისე მიწოდების (იმ დებულებების გაუქმება, რომელიც წარმოების მხარეს პრობლემებს ქმნის) მხარეს; გულდასმით უნდა გაანალიზდეს წარმოების ალტერნატიული ტექნოლოგიების ეკოლოგიური ზემოქმედება; უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეკოლოგიური ხარჯები სწორად არის ასახული საინვესტიციო პროექტების შეფასებაში, როდესაც ვირჩევთ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზებს. ამასობაში, ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსოვდეთ, რომ აჩქარება არ არის საჭირო. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით შეგვიძლია დავასვკნათ, რომ ჰორიზონტზე ელექტროენერგიის კრიზისი ჯერ არ ჩანს.


1 მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებელთა ელექტროენერგიის ტარიფის 50%-ს აფინანსებს (სუბსიდია ანაზღაურებს ტარიფის 50%-ს 100 მლნ. კვტ. სთ-ზე ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში). მეტიც, სვანეთის რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება.
2 აფხაზეთის შემთხვევაზე უფრო დეტალურად მომავალ ბლოგში ვისაუბრებთ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა