შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ლურჯი ფულის ძიებაში
ორშაბათი, 18 ივნისი, 2018

შემთხვევით, 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი ხომ არ გაქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2-10%-ს ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს წვდომა სასმელ წყალზე (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.; წყლის მსოფლიო პარტნიორობა და OECD, 2015 წ.). 2050 წლისთვის კი მსოფლიოში ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი დადგება სუფთა წყლის მიწოდების შეწყვეტის პრობლემის წინაშე (გაერო, 2018 წ.). სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მოვიძიოთ სუფთა წყლის მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფინანსური ინსტრუმენტები. ამ ბლოგით შევეცდები, შევაფასო ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც OECD-მა (2018 წ.) და წყლისა და მშვიდობის გლობალურმა პანელმა (2017 წ.) წარმოადგინეს. ორივე ანგარიში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს წყლის რესურსების მართვაში ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში, რომლებშიც შეიძლება ჩაერთოს როგორც მთავრობა, ისე კერძო სექტორი.

რა არის პრობლემა?..

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 148 ქვეყანა იყოფს 286 ტრანსსასაზღვრო ტბისა და მდინარის აუზს, თუმცა მხოლოდ 84 მათგანს აქვს ერთობლივი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა წყლის რესურსების მართვის სფეროში (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.). გლობალური პანელის მონაცემებით, ბევრ ასეთ შეთანხმებას სჭირდება სრულყოფა, მაგალითად,  ინსტიტუციების გაძლიერებით, რათა მოხდეს თანამშრომლობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველომ და აზერბაიჯანმა აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულებენ ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპებს (2000/60/EC OECD (2013 წ.). მეტიც, ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ კიდევ უფრო უნდა გააღრმაოს მდ. მტკვრის პირობების გაუმჯობესების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები. OECD-ის მიერ ჩატარებულმა ინვენტარიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ მდ. მტკვრის ტრანსსასაზღვრო მართვა დაკავშირებულია ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა წყლის დაბინძურება, მიწისქვეშა წყლების ჭარბი წყალაღება და ჰიდროელექტროენერგიის სექტორის გააქტიურება (OECD, 2013 წ.). აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული გარემოსდაცვითი მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში დაფიქსირებულია სერიოზული დაბინძურება მდ. მტკვარში. გაკეთებული განცხადების თანახმად, ინდუსტრიები და შინამეურნეობები ვერ ახერხებენ ჩამდინარე წყლების გაწმენდას, რის გამოც დაბინძურება ხშირად ნორმას აჭარბებს. ალბათ, საქართველოს მთავრობისთვის რთული იქნება დაბინძურებული სასმელი წყლის ან არაადეკვატური სანიტარიული ნაგებობებით მიღებული ზუსტი ზარალის შეფასება. თუმცა შეგვიძლია ვნახოთ, რამდენი სიცოცხლის წელი იკარგება ყოველ 100,000 ადამიანზე სასმელ წყალზე წვდომის არარსებობის,  (იხ. გრაფიკი 1) ან სანიტარული ნორმების დაუცველობის (იხ. გრაფიკი 2) შედეგად.

გრაფიკი 1. 2018 წლის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსი – 2016 წელს საქართველოში დაიკარგა 49 სიცოცხლის წელი 100,000 ადამიანზე, რაც წყალზე წვდომის სიმწირემ გამოიწვია.

გრაფიკი 2. 2018 წლის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის ინდექსის თანახმად, 2016 წელს, საზიანო სანიტარიის სიმწირის გამო საქართველოში დაიკარგა 46 სიცოცხლის წელი 100,000 ადამიანზე.

წყლის მსოფლიო პარტნიორობისა და OECD-ის (2015 წ.) ანგარიშის თანახმად, სანიტარული ნორმების დაუცველობითა და არასაკმარისი წყალმომარაგებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შეიძლება წელიწადში 260 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდეს. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანში, რომლებსაც საქართველოსთან საერთო მდინარეები აქვთ, არასაკმარისი წყალმომარაგებითა და სანიტარული ნორმების დაუცველობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შეადგენს მშპ-ის 1-2%-ს. საქართველოს შემთხვევაში, წყალდიდობებით, არაადეკვატური წყალმომარაგებითა და სანტარული ნორმების შეუსაბამობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ძირითადად გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე (წყლის მსოფლიო პარტნიორობა და OECD, 2015 წ.).

ამიტომ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა ფინანსური ინსტრუმენტები არსებობს დღეს საქართველოში, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ?

ფინანსური ინსტრუმენტები

დღეისთვის წყლის რესურსების მიწოდებას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ეს თანხა ვერ ფარავს ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მართვის მასშტაბის გაზრდის ხარჯებს და ვერ უზრუნველყოფს წყლის  მუდმივ მოხმარებასა და სანიტარიული ნორმების დაცვას. საჭიროა, შეიქმნას ისეთი მდგრადი ფინანსური სისტემა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სოციალური, მმართველობითი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი ფაქტორები. ეს არის ე.წ. ESG პრინციპები (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.). მსხვილმა ბანკებმა, რისი მაგალითიცაა მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და სხვა ბანკების (მაგალითად, HSBC-ის) თანამშრომლობა, სპეციალური ფონდები გამოყვეს, რათა ინვესტიციები ჩადონ სხვადასხვა კლიმატურ ღონისძიებებში. თუმცა არსებობს სხვა ინსტრუმენტებიც, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სამთავრობო, ისე სექტორულ დონეზე. ერთ-ერთი ასეთი ფინანსური ინსტრუმენტია გლობალური ეკოლოგიური უწყების საერთაშორისო წყლების პროგრამა (რომელიც მუშაობს მიმღებ და არამიმღებ ქვეყნებთან, სადაც წყალთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება გამწვავდეს). ეს პროგრამა დაფინანსებას გასცემს საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგალითად, UNFCCC) საშუალებით. სხვა კონვენციების დაფინანსების მექანიზმები, რომლებიც აფინანსებს ტრანსსასაზღვრო ორგანიზაციების ინსტიტუციური კომპეტენციის გაძლიერებას ან მცირე და საშუალო ზომის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა მიზანიც მონიტორინგის მეთოდების განვითარებაა, იყენებენ როგორც მრავალმხრივი, ისე ორმხრივი ორგანიზაციების ფონდებს. ამ ინსტრუმენტების უპირატესობა ის არის, რომ მათი მიზანია სამართლებრივი და ინსტიტუციური სტრუქტურის შექმნა, საჭირო ტრენინგების ჩატარება და ორგანიზაციული ხარჯების ანაზღაურება. მცირე და საშუალო ზომის პროექტები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უჭირთ ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც ბევრ დროსა და თანხებს მოითხოვს. მსხვილი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები კი ამისი კარგი მაგალითია (წყლის და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 , OECD, 2018 წ.). ამ ინსტრუმენტების კიდევ ერთი სარგებელი ისაა, რომ შეუძლია უზრუნველყოს კერძო სექტორის ჩართულობა (ეს განსაკუთრებით ეხება მცირე და საშუალო ზომის პროექტებს, რომლებიც ფარავს, მაგალითად,  მონიტორინგის სადგურების შექმნის ხარჯებს). როგორც წყლის პანელმა წარმოადგინა, ტრადიციული დაფინანსების ინსტრუმენტების უარყოფითი მხარე არის განვითარების ნაკლებობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მწირი ჩართულობა, რასაც შეუძლია მილიონობით ადამიანისთვის გარემო პირობების გაუმჯობესება. მსხვილი მრავალმხრივი განვითარების ბანკების დაფინანსება არ ავალდებულებს მოსაზღვრე ქვეყნებს, ითანამშრომლონ. კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ კერძო სექტორი არ ახორციელებს ინვესტიციებს ასეთ პროექტებში.

სტატიის დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, რომ მომავალში წყალმომარაგების უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურებისთვის საჭირო ფონდები ძალიან მწირია, განსაკუთრებით მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ დონეზე, რისთვისაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობაა საჭირო. მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტის ერთი მაგალითია ე.წ. ლურჯი ფონდი1, რომელზეც საკმაოდ ვრცლად საუბრობს წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი (2017 წ.). ლურჯი ფონდის იდეა ის არის, რომ ის საშუალებას აძლევს ქვეყნებს, ითანამშრომლონ საზიარო წყლების საკითხში. ფონდი ათავისუფლებს ქვეყნებს MDG-ებისა და დონორი ორგანიზაციების მზარდი რაოდენობით სესხების ასევე მზარდი საპროცენტო განაკვეთების ტვირთისგან. ლურჯი ფონდის უპირატესობა ის არის, რომ შეიძლება მოქნილი იყოს პარტნიორი ქვეყნების არსებული საჭიროებების მიმართ და ყოველწლიურად გადაიხედება, რათა დააკმაყოფილოს შექმნილი საჭიროებები. ფონდი აფინანსებს დაზღვევისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხარჯებსაც. ფონდი არ აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტიც 100 მლნ. აშშ დოლარს ან მეტს შეადგენს. შედეგად, ტრანსსასაზღვრო პროექტებს უნდა ჰქონდეთ ე.წ. საინვესტიციო პოტენციალი მესამე მხარეებისგან – MDG-ებისა და დონორებისგან – რომელთაც შეუძლიათ ხარჯების დიდი წილი დაფარონ (თავდაპირველად აუცილებელია პილოტირებული კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები). მსხვილი ბანკების სესხების საპროცენტო განაკვეთის ტვირთების მოშორებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მქონე ფინანსური ინსტიტუტები შეიძლება იყოს კერძო სექტორში. მართალია, ნელა, მაგრამ ფინანსურ სექტორში იზრდება ESG-ის პრინციპებისკენ შემობრუნებისადმი ინტერესი. ეს ინტერესი გამოხატეს ისეთმა მოთამაშეებმა როგორიცაა, მაგალითად სარეიტინგო სააგენტოები, რომელთაც დანერგეს პრინციპები, რომლებსაც მწვანე ფონდების შექმნისკენ მივყავართ (ბოლო წლებში თითქმის 100 მილიარდი აშშ დოლარი შეგროვდა). არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ლურჯ ფონდებში ინვესტიციების მაჩვენებელი ბოლო წლებში გაიზარდა. ამის მაგალითია კონგოს აუზის ლურჯი ფონდის2 ინიციატივა. ლურჯი ფონდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის არ ავალდებულებს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ეძებენ დაფინანსებას, შექმნან სრულიად ახალი მოწყობა, რადგან ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება დაემატოს უკვე არსებულ ინსტრუმენტებს (მაგალითად, MDG-ების ან დონორი ორგანიზაციების სესხებს). რა თქმა უნდა, არ არსებობს კერძო სექტორის ინვესტირების მზაობის დაჩქარების გზები, რადგან ინვესტიციები დამოკიდებულია რისკების აღქმაზე (როგორც წესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები უამრავ ინვესტიციასა და ხანგრძლივი გადახდის პირობებს მოითხოვს) (OECD, 2018). თუმცა კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა შესაძლებელია თანაინვესტირების პროექტებისა და მრავალმხრივი ინსტიტუტების ერთმანეთთან დაკავშირებით. ამჟამად საქართველო არ აკმაყოფილებს ლურჯი ფონდის პირობებს, რადგან ის შეზღუდულია განვითარებადი ქვეყნებისთვის  (მშვიდობისა და წყლის გლობალური პანელი, 2017 წ.). დამაინც, გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში ამ სახის ფონდის პოპულარიზებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს უფლებამოსილი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა ან, კიდევ უკეთესი, მსგავსი ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება სწორედ გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება.

არსებობს სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებიც ავსებს საბანკო პროექტებში არსებულ ხარვეზებს. ამის მაგალითია მსოფლიო ბანკი, რომელმაც დამფინანსებელ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად წამოიწყო ახალი პროექტი – გლობალური ინფრასტრუქტურული უწყება, რომელიც კერძო სექტორსა და ინსტიტუციურ სააგენტოებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ფინასური შესაძლებლობების ფარგლებში გააფორმონ პარტნიორობები. ეს არის პლატფორმა მთავრობებისთვის (მაგალითად, მზარდი ეკონომიკებისთვის), რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახადონ დაინტერესებული დამფინანსებელი პარტნიორებისთვის (მაგალითად, კერძო სექტორისთვის). საქართველოს პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი (2018 წ.) არის GIF-ის მიერ მხარდაჭერილი რეალური პროექტი, რომელმაც დააინტერესა საჯარო-კერძო პარტნიორობა.

სად ვიშოვოთ ლურჯი ფული

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოხსენებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის მიზანი წყლის რესურსების მართვის კომპეტენციებისა და მსხვილი ქვეყნებსშორისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაა. GIF-ისა და ლურჯი ფონდის მსგავსი ინსტრუმენტების უმთავრესი ღირებულება არის კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რაც ძალიან საჭიროა 2030 წლამდე სასმელ წყალსა და სანტარიაზე წვდომის მისაღწევად. „ლურჯი ფულის“ ძიებისას სამოქმედო გეგმა შეიძლება იყოს ქართული წყლის რესურსების მართვის სექტორში შემომავალი ფინანსების შემოწმება და დადგენა, როგორ შეიძლება აკმაყოფილებდეს კაპიტალი არსებულ მოთხოვნებს. ფინანსური ნაკადების დადგენამ შეიძლება გააუმჯობესოს, მაგალითად, უკიდურესად დაბინძურებულ მდ. მტკვარში სიტუაციის გამოსწორების მიზნით განხორციელებული სამუშაოები. OECD-მა და ევროპის კომისიამ უკვე დაიწყეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფინანსური კომპეტენციების შემოწმების სამუშაოები, რომელთაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ (OECD, 2018 წ.). ასეთივე სამუშაოები ჩატარდა წყლის დაფინანსების მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რომლის მიზანიც წყლის უსაფრთხოებაში ინვესტიციების საჭიროებებისა და ხელმისაწვდომი ფინანსების დაწყვილებაა.


1 ლურჯი ფონდი არის წყლის პანელის ლურჯი მშვიდობის ჩარჩოს ნაწილი, რომლის მიზანიც წყლის გამოყენებით მშვიდობის დამყარებაა.
2 საპილოტე პროექტი განისაზღვრა 2016 წელს, აფრიკის სამიტზე, სადაც 3 მლნ. ევროს დაფინანსება გამოიყო კონგოსთვის. ეს დაფინანსება მიმართული იყო 10 ქვეყნის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაზე. მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი (2017 წ., გვ. 65) და ამ კონგოს აუზის ლურჯი ფონდი ბმულებზე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა