შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველოს ახალი ოქროს ციებ-ცხელება ანუ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტის ეკონომიკური პერსპექტივები
ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

ამ სტატიით ვაგრძელებ თემას, რომელიც ჩემმა კოლეგამ, საბა დევდარიანმა 2015 წლის ივნისში გახსნა ISET Economist-ის ბლოგ-პოსტით „მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?“ სადაც ის მარიხუანის სახელმწიფო რეგულაციებსა და მისი მოხმარების სამედიცინო შედეგებთან მიმართებაში ფილოსოფიურ ასპექტებზე საუბრობს.

უახლესი ცვლილებები კანონმდებლობაში

ბლოგ-პოსტის გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ, კანაფის რეგულაცია საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის პირადი მოხმარების დე-იურე ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ „მარიხუანის მოხმარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურია, თუ ამით საფრთხე არ ექმნება მესამე პირს“. ამ სიახლეს რადიკალურად განსხვავებული რეაქციები მოჰყვა ქართველ საზოგადოებაში. ნაწილმა „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ გამარჯვება იზეიმა, ზოგმა კი ეს ქართველი ერის, ტრადიციებისა და კულტურის აღსასრულად აღიქვა. არსებულ კანონმდებლობაში მარიხუანის მოყვანის, წარმოებისა და გაყიდვის შესახებ ცვლილებების გარეშე აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ვაკუუმი წარმოშვა. თვენახევარში მთავრობამ შეიმუშავა 131-გვერდიანი კანონ-პროექტი, რომელიც კრძალავს კანაფის საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში მოხმარებას, როგორებიცაა პარკები, ბარები, რესტორნები, საკონცერტო დარბაზები, სტადიონები და ა.შ.  ასევე, იკრძალება მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებისათვის, სამსახურში და მანქანის ტარება მისი ზემოქმედების ქვეშ. დე ფაქტო – კანაფის მოხმარება მხოლოდ სახლში იქნება ლეგალური. თუმცა კანონის მეორე ნაწილი ყველაზე საინტერესოა, რადგან ის დაშვებულად მიიჩნევს კანაფის წარმოებასა და ექსპორტს სამედიცინო ან კოსმეტიკური მიზნებით. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ეს წამოწყება დადებითად შეაფასა, ხოლო ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2-3 წელიწადში კანაფის ექსპორტი 1 მილიარდ ლარს მიაღწევს, თუმცა პარლამენტმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის გამო ახალი ინიციატივის განხილვა შეაჩერა.

კითხვა ისევ კითხვად რჩება: რამდენად მომგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი? გადაიქცევა ის ოქროს საბადოდ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ექსპორტის ვარდნის დროს უცხოური ვალუტის "ხაზინის" შევსებას შეძლებდა? ამ სტატიაში უხეში გათვლებით წარმოგიდგენთ საქართველოდან ფარმაცევტული მიზნებით კანაფის ექსპორტის პოტენციალს.

მსოფლიო ბაზარი

კანაფის ლეგალური მოხმარება 2000 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე ის მხოლოდ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში გამოიყენებოდა და ისიც მხოლოდ აშშ-ში. დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტმა ქვეყანამ დაიწყო კანაფისა და მისი ექსტრაქტების გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის. „გაეროს“ მონაცემებზე დაყრდნობით, სხხვადასხვა სახეობის კანაფის მთლიანი ლიცენზირებული წარმოება 2000 წელს 1.4 ტონას შეადგენდა, ხოლო 2016 წელს იმავე მაჩვენებელმა გამაოგნებელ ნიშნულს, 209.9 ტონას მიაღწია. ყველაზე მსხვილი მწარმოებელი დიდი ბრიტანეთია (95 ტონა), რომელზეც მსოფლიო წარმოების 44.9% მოდის, მეორე ადგილზე კანადაა 38.4%-ით. დანარჩენ ქვეყნებზე კი წილები ასე ნაწილდება: პორტუგალია – 10%, ისრაელი – 4.4%, ნიდერლანდები – 0.7% და ჩილე – 0.7%.

ეს ქვეყნები საქართველოს მთავარ კონკურენტებს წარმოადგენენ სამედიცინო კანაფის მსოფლიო ბაზარზე ავსტრალიასთან, კოლუმბიასთან, ლესოტოსთან, ზიმბაბვესა (ქვეყნები, რომლებმაც კანაფის მოყვანის/ექსპორტის ლეგალიზაციის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მიიღეს) და ლიბანთან (რომელიც წარმოების დაწყებას 2018 წლის ბოლოს გეგმავს) ერთად. იმ პირობებში, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობა მრავალმა ქვეყანამ გადაწყვიტა, საქართველომ, შესაძლოა, უკვე დააგვიანა ამ მიმზიდველი ბაზრისთვის გაცხარებულ კონკურენციაში ჩართვა. სხვა შეფასებებს თუ დავეყრდნობით, სამედიცინო კანაფზე მზარდი მსოფლიო მოთხოვნის მიუხედავად, 2021 წლისთვის მხოლოდ კანადის მიერ წარმოებული კანაფის რაოდენობა საკმარისი იქნება  მსოფლიო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„გვინდა, კანაფის ყველაზე მასშტაბური მწარმოებლები გავხდეთ მსოფლიოში“, – გრეგ ჰანტი, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი.

„ისრაელს შეუძლია გახდეს სამედიცინო კანაფის ექსპორტიორი და ყოველწლიურად მიიღოს 4.4 მილიარდი შეკელის (1.1 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის შემოსავალი “, – აილეტ შაკედი, ისრაელის იუსტიციის მინისტრი.

ამჟამად, კანაფის გარკვეული დოზით სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ან კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების წარმოება ლეგალიზებილია მხოლოდ 31 ქვეყანასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მარიხუანის მოყვანა მათ უმრავლესობაში ოფიციალურად აკრძალულია, ეს ქვეყნები საქართველოსთვის ექსპორტის პოტენციურ ბაზარს წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, იამაიკაში, ჩილეში, პერუსა და მექსიკაში ლეგალური ბაზარი საკმაოდ შევიწროვებულია არალეგალური ბაზრის თავბრუდამხვევი მასშტაბებით.

ცხრილი 1. ქვეყნები, სადაც კანაფის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება ლეგალიზებულია

არგენტინა ხორვატია გერმანია ლესოტო ჰოლანდია სან მარინო დიდი ბრიტანეთი
ავსტრალია კვიპროსი საბერძნეთი ლუქსემბურგი ნორვეგია შვეიცარია  
კანადა ჩეხეთის რესპუბლიკა ისრაელი მაკედონია პერუ თურქეთი  
ჩილე დანია იტალია მალტა პოლონეთი ურუგვაი  
კოლუმბია ფინეთი იამაიჯა მექსიკა რუმინეთი ზიმბაბვე  

გლობალურ ბაზარზე სამედიცინო მარიხუანის პესიმისტური პერსპექტივების მიუხედავად, არ მინდა, მთავრობას ახალ ინიციატივასთან დაკავშირებული იმედები გავუქარწყლო. მარიხუანა ისეთივე ნედლ მადნად არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც სპილენძი ან მანგანუმი; კანაფის მრავალი სახეობა და მისგან დამზადებული პროდუქტების ფართო არჩევანი არსებობს, რომელთაც საქართველოს შემთხვევაში ბაზრებზე საკუთარი ნიშის პოვნა და ბევრად უფრო მაღალი მარჟით გაყიდვა შეიძლება, ვიდრე ერთი გრამი ნედლი ბალახისა. სიტუაცია ღვინის წარმოების/ექსპორტის მსგავსია; მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო არგენტინულ, ჩილეურ ან ავსტრალიურ ღვინოებს ფასითა და წარმოების მასშტაბებით კონკურენციას ვერ უწევს, ეს სექტორი მაინც მომგებიანია და ღვინო საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტად რჩება (თუმცა, სად გაგონილა ღვინის და მარიხუანას ერთმანეთთან შედარება!).

მოგება

კანაფის შემთხვევაში ლეგალური ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯები, რა თქმა უნდა, ქვეყნების მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია რეგულაციებზე, გადასახადებზე, მიწისა და ელექტროენერგიის ფასებზე, ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯებსა და სხვა ფაქტორებზე. მეორე ცხრილში მოცემულია სამედიცინო კანაფის მოყვანის ფასები ავსტრალიაში სხვადასხვა შემთხვევის გათვალისწინებით.

ცხრილი 2. კულტივაციის წლიური ხარჯები, მლნ. აშშ დოლარი1

ხარჯის კატეგორია

ფართობი (13.2 ჰა)

სათბური (1.5 ჰა)

ოთახის პირობებში (0.9 ჰა)

კაპიტალი, მიწა და ინფრასტრუქტურა 0.02 0.32 1.33
უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა 0.43 0.3 0.27
შრომა 7.67 7.79 7.79
მასალები 0.67 7.6 10.74
შესაბამისობაში მოყვანის ხარჯები 0.07 0.07 0.07
პირდაპირი ხარჯები 1 1 1
ჯამი 9.86 17.08 21.2

წყარო: Deloitte Access Economics 

არსებული კანონ-პროექტის მიხედვით, საქართველოში „ბედის მაძიებლებს“ ამ მცენარის დახურულ სივრცეში მოყვანა მოეთხოვებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად, 0.9 ჰექტარზე მისი მოყვანა დაახლოებით 21.2 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებათ (ან ნაკლები: მატერიალური ხარჯები მოიცავს თესლის, ელექტროენერგიის, დაზღვევის, პესტიციდების, სასუქისა და ნუტრიენტების ხარჯებს. ვუშვებთ, რომ ამ კომპონენტებისა და შრომის ხარჯები საქართველოში გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ავსტრალიაში).

გამხმარი ყვავილების საშუალო მოსავალი ერთ კვადრატულ მეტრზე 4-ჯერ 300 გრამს უდრის წელიწადში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დახურული მეურნეობის 0.9 ჰექტარი წელიწადში დაახლოებით 11 ტონა გამხმარ კანაფს გვაძლევს, რაც მთლიანი შემოსავლის სახით 33 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც მინიმუმ 11.8  მილიონი წმინდა მოგებას წარმოადგენს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მზარდი მიწოდების გამო გამხმარი მარიხუანის ფასი ყოველწლიურად მცირდება, შესაძლოა, ბიზნესი მალე წამგებიანიც კი გახდეს, თუ კანონიერი მწარმოებლები კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტებისა და სხვა პროდუქტების წარმოებაზე არ გადავლენ. ადვილი გამოსათვლელია, რომ საქართველოს დაახლოებით 12-13 ჰექტარი დახურული კულტივირებული ნიადაგი დასჭირდება ივანე მაჭავარიანის სასურველი ნიშნულის, 1 მილიარდი ლარის ექსპორტის მისაღწევად.

P.S. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს, ყოველთვის მახსენდება მამაჩემის სიტყვები, რომელსაც ბავშვობაში მიმეორებდა: „მამი, ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო, მაგრამ ცუდს არ უნდა მიეჩვიო“. არც ქვეყანას არ აწყენდა იგივე რჩევა.


1 წლიური ხარჯები აერთიანებს საოპერაციო ხარჯებსა და საწყისი კაპიტალისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების ნაწილს (თუ ტექნიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელია, მაშინ ხარჯების 10% ერიცხება თითოეულ წელს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა