2012-2016 წლებში მოხმარებასა და გამომუშავების წლიურ ტენდენციას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში გამომუშავება მოხმარებას აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება-მოხმარებას შორის სხვაობა დადებითი იყო. თუმცა 2017 წელს ტენდენცია შიეცვალა და ადგილობრივი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პირველ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018 წელს განსხვავება კიდევ უფრო გაღრმავდა, კერძოდ, გამომუშავება-მოხმარებას შორის უარყოფითი სხვაობა 2017-ის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა (344 მლნ. კვტ.სთ-იდან 447 მლნ. კვტ.სთ-მდე).
ამ მნიშვნელოვანმა ცვლილებამ საფუძველი მოგვცა, გამოგვეკვლია მისი გამომწვევი მიზეზები და გავლენა ენერგოუსაფრთხოებაზე.
პირველ რიგში, დავაკვირდეთ 2017 წლის ენერგო-მოხმარებას. წინა წელთან შედარებით, 2017 წელს მთლიანი მოხმარება 8%-ით გაიზარდა (11,027 მლნ. კვტ.სთ-დან 11,875 კვტ.სთ-მდე). 2018 წელს მოხმარება კვლავ მზარდი ტემპით ხასიათდებოდა, კერძოდ, მოხმარებამ 12,596 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 6%-იან ზრდას წარმოადგენს 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოთხოვნის ზრდა ძირითადად დისტრიბუტორი კომპანიებისა („თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“) და პირდაპირი მომხმარებლებისგან1 მოდიოდა. „სემეკის“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, 2012-2017 წლების განმავლობაში დისტრიბუტორი კომპანიების მთლიანი მოხმარების ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი წილი არასაყოფაცხოვრებო სექტორს ეკუთვნის (იხ. გრაფიკი 2). ისტორიულად, ყველაზე მაღალი 9%-იანი ზრდა კი 2016-2017 წლებში დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 2018 წლის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ვინაიდან პირდაპირი მომხმარებლებიც დიდ კომერციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, აშკარაა, რომ მოხმარების ზრდა მართლაც არასაყოფაცხოვრებო სექტორიდან მოდის, რაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.
ელექტროენერგიის მოხმარების სტაბილური ზრდის პარალელურად, ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდებოდა. 2017 წელს გამომუშავება 0.4%-ით შემცირდა (11,574 მლნ. კვტ.სთ-დან 11,531 მლნ. კვტ.სთ-მდე, საიდანაც 79% ჰიდროელექტროსადგურებიდან, ხოლო 19% თბოელექტროსადგურებიდან მოდიოდა). წარმოების შემცირება განაპირობა ჰიდროელექტროსადგურებისა (-2%) და თბოელექტროსადგურების (-0.1%) გამომუშავების შემცირებამ. შედეგად, 2017 წელს, ხუთი წლის განმავლობაში პირველად, წარმოების დეფიციტი დაფიქსირდა. 2018 წელს საქართველოს ელექტროსადგურების გამომუშავება კვლავ გაიზარდა და 12,149 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია (საიდანაც 83% ჰიდროელექტროსადგურებმა, ხოლო 17% თბოელექტროსადგურებმა აწარმოეს), რაც წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების 5%-იან ზრდაში აისახა. გამომუშავების ზრდა გამოიწვია ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ზრდამ (9%-იანი ზრდა 2017 წელთან შედარებით) რაც საკმარისი აღმოჩნდა თბო და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების შემცირების (-5% და -4%) კომპენსირებისათვის. მიუხედავად წარმოების ზრდისა, ქვეყნის რესურსი მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან მოხმარებამ ზრდა განაგრძო (იხ. გრაფიკი 3). რეალურად, სხვაობა გამომუშავებასა და მოთხოვნას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა; ნაწილობრივ, თბოელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის შემცირების გამო, მაშინ, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი გარკვეულწილად გათვითცნობიერებული არჩევანი იყო.
როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, ეს მოვლენა იმით აიხსნება, რომ იმპორტი უფრო დაბალხარჯიანია, ვიდრე თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგის გამომუშავება.
რეალური პრობლემა
თეორიულად, გარდა მცირე გამონაკლისებისა, საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილება დიდი რაოდენობით იმპორტის გარეშეც შეუძლია. გვაძლევს თუ არა ეს სიმშვიდის საფუძველს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში?
სულაც არა. თუ განვიხილავთ პერიოდებს, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას აჭარბებდა, შევამჩნევთ, რომ გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი თბოელექტროსადგურებზე მოდიოდა, რომლებსაც იმპორტირებული ბუნებრივი აირი ესაჭიროებათ. შესაბამისად, არსებული სხვაობა ხაზს უსვამს დიდი ხნის არსებულ პრობლემას. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი თითქმის 20%-ს შეადგენს, ნათელია, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი იმაზე უფრო მწვავეა, ვიდრე ამას ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტი აჩვენებს.
სინამდვილეში, თბოელექტროსადგურების გააქტიურება – ბუნებრივი აირის იმპორტი – და იმპორტირებული ელექტროენერგია ენერგოდამოკიდებულების ნიშანია. გარდა ამისა, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს ძირითადად ერთი და იგივე სავაჭრო პარტნიორები გვაწვდიან: აზერბაიჯანი ან რუსეთი.
რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და როგორ იყენებს მათ?
ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია ენერგიის იმპორტის გარეშე ენერგო-სისტემის წარმოდგენა (ან ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი თბოელექტროსადგურებისათვის) და ამის მიზეზი ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების სეზონურობაა. აქედან გამომდინარე, საქართველო იძულებულია, ზამთარში დეფიციტი იმპორტირებული რესურსით შეავსოს.
თუმცა არსებობს შესაძლებლობები, რომელთაც საქართველოს ენერგო-დამოკიდებულების შემცირება და, შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების გაზრდა შეუძლია:
• სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან წარმოებასა და შეძლებისდაგვარად შიდა გამომუშავების წყაროების დივერსიფიკაციას (ქარის ან/და მზის ენერგია), რათა შემცირდეს იმპორტის საჭიროება დეფიციტური სეზონების დროს (ბაზრის მიწოდების მხარის პოლიტიკა)
• სახელმწიფომ შექმნას შესაბამისი სტიმულები ენერგოეფექტურობის გასაზრდელად (და რიგ შემთხვევაში, თუნდაც ნაწილობრივი თვით-უზრუნველყოფის მისაღწევად) (ბაზრის მოთხოვნის მხარის პოლიტიკა)
გადავხედოთ ბაზრის მიწოდების მხარის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ღონისძიებებს. 2017 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სამომავლო საინვესტიციო პროექტების სია, რომელიც მოიცავდა 155 პროექტს (მთლიანი დადგმული სიმძლავრე 6,584 მეგავატი). დასახელებული პროექტებიდან შვიდი ჰიდროელექტროსადგური (მთლიანი დადგმული სიმძლავრით 68 მეგავატი) 2018 წელს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი დადგმული სიმძლავრე 4,812 მეგავატს აღწევს, საიდანაც 77.4% ჰიდროელექტროსადგურებზე, 22.1% – თბოელექტროსადგურებზე 0.5 კი ქარის ელექტროსადგურებზე მოდის. დღესდღეობით, ჰიდროელექტროსადგურები ყველაზე მეტ ელექტროენერგიას აწვდიან საქართველოს ელექტროსისტემას და მომავალი პროექტების მთლიანი დადგმული სიმძლავრის 62%-ს კვლავ ისინი შეადგენენ. რაც შეეხება ქარის, თერმულ და მზის ენერგიას, პროპორციულად წილები შემდეგნაირია: 19%, 12% და 8% (იხ. გრაფიკი 4).
თუ ქვეყნის მიზანია ენერგოუსაფრთხოების ზრდა (ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, სეზონურობის გათვალისწინებით), საეჭვოა, რაციონალურია თუ არა ჰიდროელექტროსადგურებზე ასეთი დამოკიდებულება. საყურადღებოა, რომ ექსპლუატაციაში შესვლის დრო მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ტრადიციული წყაროების (ჰიდრო და თბოელექტროსადგურები) შემთხვევაშია განსაზღვრული; მაშინ როცა სხვა განახლებადი წყაროების პროექტების (ჰიდროს გარდა) ინვესტიციის დაწყების თარიღები გაურკვეველი რჩება. საიმედოდ გამოიყურება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NREAP) შემუშავების ინიციატივა და მის საფუძველზე არა-ჰიდრო განახლებადი ენერგოპროექტების ელექტროენერგიის სისტემასთან მიერთების პროცესის დაჩქარება. ეს დოკუმენტი წაახალისებს ინვესტორებს და შეამცირებს განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებულ რისკებს. შესაბამისად, მიმზიდველს გახდის ამ სექტორში ინვესტირებას.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, მდგომარეობა აქ ნაკლებად იმედის მომცემია. საქართველოს 2018 წლის ბოლომდე უნდა დაეკმაყოფილებინა ენერგოეფექტურობის 2012/2017/EU დირექტივის მოთხოვნები. აღნიშნული დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს მოეთხოვებათ ენერგიის უფრო ეფექტიანად მოხმარება ენერგეტიკული ჯაჭვის ყველა ეტაპზე, წარმოებიდან საბოლოო მოხმარებამდე, რათა ევროკავშირმა ენერგოეფექტურობის 20%-იან სამიზნე მაჩვენებელს 20202 წლამდე მიაღწიოს. ამ მიზნის მისაღწევად სამი ნაბიჯია საჭირო: პირველი ნაბიჯი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEEAP) შემუშავებაა. NEEAP-ის მიზანია იმ ზომებისა და პოლიტიკის იდენტიფიცირება, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. შემდეგი ნაბიჯი მოიცავს NEEAP-ის მიღებასა და პირველადი კანონმდელობის შემუშავებას ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საკანონმდებლო ბაზის შექმნას NEEAP-ის პოლიტიკის განსახორციელებლად. უკანასკნელი ნაბიჯი გულისხმობს არსებულ კანონმდებლობაში ნებისმიერი ცვლილების შეტანასა და მეორადი კანონმდებლობის განვითარებას. საქართველო ამჟამად ჯერ კიდევ პირველ ეტაპზეა და შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების განცხადებით, NEEAP-ის სამუშაო ვერსია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ უცნობია, მოახერხებს თუ არა საქართველო მისი ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას (და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას) მოკლევადიან პერიოდში. თუმცა, თუ არ გვინდა, საქმე გვქონდეს ენერგოუსაფრთხოების ეტაპობრივ გაუარესებასა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის შემცირებასთან, მთავრობის ქმედებები უფრო მიზანმიმართული და კონცენტრირებული უნდა გახდეს.
1 პირდაპირი მომხმარებლები არიან „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ჯეო სერვერი”, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, „ქუთაისი ინვესტმენტს“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „აჭარა ენერჯი 2007“ (კირნათიჰესი).
2 2007 წელს ევროკავშირმა 2020 წლისთვის პირველადი ენერგიის მოხმარების შესახებ პროექცია შეიმუშავა საბაზისო სცენარის გათვალისწინებით. ენერგო-ეფექტურობის გასაზრდელად, ევროკავშირმა სამიზნე მაჩვენელი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც მისი პირველადი ენერგიის მოხმარების 20% უნდა დაიზოგოს 2020 წლის პროექციით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით.