შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

წყლის დანაკარგები და საოპერაციო ეფექტიანობა წყლის სექტორში: მიგნებები და პოლიტიკის შემოთავაზებული მიმართულებები
ორშაბათი, 25 თებერვალი, 2019

წყლის დისტრიბუციის ქსელისთვის დამახასიათებელი მოცულობითი და ქრონიკული დანაკარგები ქართული წყალმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მხოლოდ ურბანულ ცენტრებში, წყლის მიწოდების დაახლოებით 700 მილიონი კუბური მეტრი არაშემოსავლიანი (Non-Revenue Water – NRW) წყლის წარმოებაზე მოდის1. წყლის დანაკარგების მაღალი მაჩვენებლები საოპერაციო ხარჯებს ზრდის და, შესაბამისად, წყალმომარაგების არაეფექტიან საოპერაციო სისტემამდე მივყავართ. ეს, თავის მხრივ, ფინანსურ დაბრკოლებებს ქმნის ხარჯების სრული ანაზღაურებისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების კუთხით.

დისტრიბუციის ქსელის მაღალი დანაკარგები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს NRW-ისა და წყლის კომუნალური გადასახადის ზრდაზე. არაპირდაპირ, NRW ზრდის იმ ენერგიის რაოდენობასაც, რომელიც წყალმომარაგების ოპერაციებისთვისაა საჭირო. ეს განსაკუთრებით  მთიანი რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებს ეხება, სადაც წყლის კომპანიის საოპერაციო ხარჯების 30% ელექტროენერგიაზე მოდის.

საქართველოში წყალმომარაგების ეფექტიანობის გაუარესებაზე (ისევე, როგორც წყლის დანაკარგებზე) მოქმედი კიდევ ერთი ფაქტორია გამრიცხველიანებული გაყვანილობების დაბალი რიცხვი. ჩვეულებრივ, წყალმომარაგების სისტემა ვერ აკონტროლებს წყლის მოხმარების დონეს გამრიცხველიანების მიღმა დარჩენილი მომხმარებლებისათვის. ეს მომხმარებლები ფიქსირებულ, სულადობრივ გადასახადს იხდიან და, შესაბამისად, ამ ტარიფზე ყოველთვიური მოხმარების დონე გავლენას არ ახდენს. ამრიგად, რაც უფრო დაბალია გამრიცხველიანებულ მომხმარებელთა რაოდენობა, მით უფრო იზრდება გაურკვევლობა, რომელიც კომპანიის წყლის ბალანსსა და წყლის დანაკარგის ნორმატიულ დონეს უკავშირდება.

ამ სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შემთხვევას და დავაკვირდებით კომპანიის ძირითადი მაჩვენებლების ცვლილებებს, როგორიცაა გამრიცხველიანების შეფარდებების აბსოლუტური და პროცენტული მაჩვენებლები, საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების ზრდის ტემპი და მუნიციპალური ენერგეტიკული ინტენსივობა, როგორც წარმოების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. გრაფიკული ილუსტრაციის დახმარებით, ასევე ვაჩვენებთ შინამეურნეობებისათვის წყალმომარაგების ქსელით დაფარვის პროგრესს უკანასკნელი 7 წლის მანძილზე. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, განვიხილავთ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მიზანმიმართული პოლიტიკის ღონისძიებებს წყალმომარაგების სისტემისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

UWSCG სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის კოორდინირებას ახდენს რეგიონულ და მუნიციპალურ ცენტრებში და ფუნდამენტურ როლს თამაშობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც აქცენტს სოფლის განვითარებაზე აკეთებს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას 53 მუნიციპალური და 9-მდე რეგიონული მომსახურების ცენტრი აქვს საქართველოში და 306 000 შინამეურნეობასა და 19 000 კომერციულ/ბიზნეს მომხმარებელს ემსახურება.

გამრიცხველიანებული და გამრიცხველიანების მიღმა დარჩენილი მომხმარებლები, UWSCG, 2011-2017 წწ.

ქვემოთ მოცემული გრაფიკები გვიჩვენებს გამრიცხველიანებული და გამრიცხველიანების მიღმა დარჩენილი მომხმარებლების წყალგაყვანილობების აბსოლუტური და პროცენტული მაჩვენებლების ცვლილებებს UWSCG-ის სისტემაში. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, შინამეურნეობების გამრიცხველიანების მაჩვენებელი საშუალოდ 24%-ით იზრდებოდა; პირველ წლებში – ზრდის მკვეთრი ტემპებით, ხოლო, ბოლო 4 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო დაბალი ტემპით – წლიური 6%-ით. 2017 წლის შემდეგ, გამრიცხველიანებული შინამეურნეობების რაოდენობამ გამრიცხველიანების მიღმა დარჩენილი მომხმარებლების რიცხვს გადააჭარბა. თუმცა 2018 წლის მონაცემებით, UWSCG-ის სისტემაში არსებული შინამეურნეობების 46% გამრიცხველიანების მიღმაა დარჩენილი, რადგან მრიცხველები წყლის მოხმარების გასაკონტროლებლად და წყლის მოხმარების ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია, გამრიცხველიანების დაბალი მაჩვენებელი და მისი ზრდის დაბალი ტემპი სისტემის ეფექტიანობის პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

გრაფიკი 1. გამრიცხველიანებული და გამრიცხველიანების მიღმა დარჩენილი შინამეურნეობები, UWSCG, 2011-2018 წწ.

გრაფიკი 2. გამრიცხველიანების ზრდის წლიური მაჩვენებელი, UWSCG, 2011-2018 წწ.

კომპანიის ეფექტიანობის გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ კომპანიის ოპერაციული დანახარჯების სტრუქტურასაც. მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში UWSCG-ს ელექტროენერგიის განსხვავებული რაოდენობა სჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ელექტროენერგიის ხარჯების წილი საოპერაციო და მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის (O&M) ხარჯებში მუნიციპალიტეტებში რადიკალურად განსხვავდება. UWSCG-ის მუნიციპალიტეტების თითქმის 50% O&M-ის ხარჯების 25%-ზე მეტს ელექტროენერგიაზე ხარჯავს (იხ. გრაფიკი #3).

გრაფიკი 3. ელექტროენერგიის პროცენტული წილი მთლიან O&M-ში (UWSCG, 2018 წ.)

რასაკვირველია, ის მუნიციპალიტეტები, სადაც წყალმომარაგების ქსელის მართვა და ექსპლოატაცია მაღალი ენერგეტიკული ინტენსივობით ხასიათდება, კომპანიის მთლიან ოპერაციულ ხარჯებში უფრო მნიშვნელოვანი წილითაა წარმოდგენილი.

აზიის განვითარების ბანკმა 2018-2020 წლების ქვეყნის საოპერაციო ბიზნეს-გეგმასთან (2018-2020 წწ.) მიმართებაში სწრაფი მოქმედების პოლიტიკის  ღონისძიებების რეკომენდაციები შეიმუშავა2:

• გაუმჯობესდეს UWSCG-ის საოპერაციო ეფექტიანობა NRW-ის არსებული 75%-დან 45%-მდე შემცირებით;

• დაინერგოს ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიები წყალმომარაგების პროცესში, რაც პოტენციურად, ამჟამად გამოყენებულ ელექტროენერგიის დონეს 35%-ით შეამცირებს.

მსგავსი რეკომენდაციები გასცეს განვითარების ისეთმა პარტნიორებმა, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, KFW და EIB, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ წყალმომარაგების სექტორში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, შემუშავებული პოლიტიკის გატარება ელექტროენერგიაზე მოხმარებას ყოველწლიურად 109-219 მლნ. კვტ.სთ-ით შეამცირებდა (იხ. გრაფიკი #4). ამ ორი სცენარის შედარებით ჩანს, რომ კომპანიას NRW-ის შემცირებით უფრო მეტი რესურსის დაზოგვა შეუძლია, ვიდრე ენერგო-ეფექტურობის გაზრდით. ამ ორი პოლიტიკის ერთდროული გატარების შედეგად მიღებული დანაზოგი კი დაახლოებით 219 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგიას უდრის.

გრაფიკი 4. წარდგენილი პოლიტიკის გავლენა ელექტროენერგიის მოხმარებაზე, მლნ. კვტ.სთ. (2019 წ.)

იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო პოლიტიკური ღონისძიებების გატარების სოციალური მნიშვნელობა, მარტივი მეთოდი გამოვიყენეთ. თითოეული სცენარის შემთხვევაში დაზოგილი ენერგია ელექტროენერგიის ყოველწლიურ ერთ სულ მოსახლეზე3 საშუალო მოხმარების დონეზე გავყავით  და მივიღეთ, რომ პირველ შემთხვევაში დაზოგილი ელექტროენერგიის რაოდენობა 50 590 ადამიანის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას უდრის. მეორე სცენარის შემთხვევაში კი, ეს რიცხვი მხოლოდ  32 462-ს აღწევს. მესამე და საუკეთესო სცენარი, ორმაგი პოლიტიკის დანაზოგია, რომელიც 65 000 ადამიანის მიერ ყოველწლიურად მოხმარებულ ელექტროენერგიას უტოლდება.

იმის გათვალისწინებით, რომ UWSCG-ის დანაკარგები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, ზემოთ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ თეორიად რჩება. ისინი მხოლოდ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა რესურსი გამოთავისუფლდებოდა ყოველწლიურად საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე წყალმომარაგების სექტორში. ეს რესურსები (ის წმინდა დანახარჯები, რომლებიც შემოთავაზებული პოლიტიკის გატარებასთან ასოცირდება) შესაძლოა გამოყენებულ იქნას სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე შინამეურნეობებისათვის ვაუჩერების შეთავაზებით.

გრაფიკი 5. პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა და პოლიტიკის სამი სცენარი (2018 წ.)

იგივე კონცეფციის სხვაგვარად წარმოსაჩენად, გადავწყვიტეთ, დაზოგილი ელექტროენერგიის წილი გამოგვეთვალა ქვეყნის ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტისათვის. გრაფიკი #6 გვიჩვენებს პოლიტიკის სამი სხვადასხვა სცენარის შედეგებს და ვხედავთ, რომ გამოთავისუფლებული ელექტროენერგია ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის 35%-ს, ხოლო ექსპორტის 30%-ს შეადგენს. ორმაგი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, დაზოგილი ელექტროენერგიის წილი წლიური იმპორტის 46%-ს და წლიური ექსპორტის 39%-ს აღწევს. რა საერთო დასკვნებისა გამოტანა შეიძლება ამ მაგალითებზე დაყრდნობით?

გრაფიკი 6. ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტში დაზოგილი ელექტროენერგიის წილი (2017 წ.)

რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია აღნიშნული შემთხვევის ანალიზისი საფუძველზე?

პირველ რიგში, ელექტროენერგია წყლის წარმოებაში საკმაოდ ხარჯიანი ფაქტორია და მისი მოხმარების შემცირებას შეუძლია იმ ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან დანაზოგებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოინახოს კომპანიის სუბსიდირებისათვის და რომლის გახარჯვაც სხვა, ალტერნატიული მიზნებისთვის შეიძლება.

მეორე: ელექტროენერგიაზე ქვეყნის მზარდი მოთხოვნის პირობებში, წყალმომარაგების დარგში გონივრულ ინტეგრირებულ პოლიტიკას, წყალმომარაგების დარგში არსებული ყველა ოპერატორისათვის (და არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ UWSCG-ს) მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის მიღწევა პოლიტიკის გარკვეული მიზნების შემუშავებითაა შესაძლებელი, რომლებიც წყლის კომპანიების საოპერაციო ეფექტიანობას გააუმჯობესებს (მაგალითად NRW-ის შემცირებას ენერგოეფეტქური ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით). ეფექტიანობის გაუმჯობესების ღონისძიებები და წყლის, როგორც ძვირადღირებული რესურსის აღდგენის მექანიზმები ასევე კარგი საშუალება იქნებოდა წყლის სექტორის მდგრადი განვითარების 2030-ის დღის წესრიგის მიზნების შესრულებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

• Asian Development Bank (2011). Water Operational Plan 2011-2020. Institutional document, October 2011. https://www.adb.org/documents/water-operational-plan-2011-2020

• Asian Development Bank (2018). Capacity Building for National Energy and water supply regulatory commission, ADB MVV decon GmbH & Grant Thornton, 2018

• Asian Development Bank (2018). Georgia: Country Operations Business Plan 2018-2020. (https://www.adb.org/documents/georgia-country-operations-business-plan-2018-2020)

• European Investment Bank (2011). Financing water and Climate Change adaptation- http://www.eib.org/attachments/strategies/water_and_climate_change_adaptation_en.pdf

• European Union (2017). EU technical assistance and information exchange program - Obstacles in implementing EU water acquis

• Frauendorfer, R. and Liemberger, R. (2010) The issues and Challenges of Reducing Non-Revenue Water, Asian Development Bank, 2010 https://www.adb.org/publications/issues-and-challenges-reducing-non-revenue-water

• Georgian National Energy and Water supply regulatory Commission (2017). Annual report 2017, Water Supply Sector, http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/2017%20Annual%20Report_opt.pdf

• Tepnadze, M. (2018). “Strategic Analysis of the Water Supply and Sanitation in the Regional Settlements of Georgia, Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia, Infrastructure policy and development partner’s relation department

• USAID – GGI (2018). Improving water and wastewater services in Georgia

• Weidel, H. (2018). UWSCG Business Plan, within the capacity building for GNERC

• World Bank. Energy Imports, https://data.worldbank.org/indicator/EG.IMP.CONS.ZS?view=chart


1 http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/2017%20Annual%20Report_opt.pdf
2 https://www.adb.org/documents/georgia-country-operations-business-plan-2018-2020
3 ენერგიის მოხმარება საქართველოში (იხ.: https://www.worlddata.info/asia/georgia/energy-consumption.php)


The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა