შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები და მოთხოვნა აფხაზეთში. რთული (და ხარჯიანი) თავსატეხი საქართველოსთვის
ორშაბათი, 04 მარტი, 2019

საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითი განსხვავება ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს, გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი აფხაზეთი მოიხმარს. აფხაზეთის რეგიონი ყოველწლიურად იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი (როგორც ეს ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნეთ), რაც საქართველოს საკმაოდ ძვირი უჯდება, რადგან იაფი ელექტროენერგია (რომელსაც ენგურისა და ვარდნილის ჰესებით გამოიმუშავებს) საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგიის ხარჯები არ უმცირდებათ. მეტიც, არსებული მდგომარეობისა და მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში, აფხაზეთის უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა გახდება საჭირო.

ენგურისა და ვარდნილის ჰესების წილი ჰიდროელექტროსადგურების მთლიან დადგმულ სიმძლავრეში 48%-ია (1,520 მეგავატი 3,148 მეგავატიდან). რაც შეეხება ზამთრის სეზონზე გამომუშავების პოტენციალს, 2006-2018 წლებში, ენგურისა და ვარდნილის ჰესების მთლიანი გამომუშავების წილი დაახლოებით 35%-სა და 46%-ს შორის მერყეობდა. წარსულში, გამომუშავების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (35%) 2015-2016 წლის ზამთარში დაფიქსირდა; გამომუშავების მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი (46%) კი 2006-2009 წლებში ოთხჯერ და 2012-2013 წლის ზამთარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. 2017-2018 წლებში, ენგურისა და ვარდნილის ჰესების წილი ჰიდროენერგიის გამომუშავებაში 36%-ს შეადგენდა, ხოლო მათი წილი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის 73% იყო.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ ორ ჰესს საქართველოს მოთხოვნის ძირითადი ნაწილის უზრუნველყოფა შეუძლია, თუმცა რეალობაა ისაა, რომ  ზამთარში მათი გამომუშავების დიდი წილი აფხაზეთს მიეწოდება. იყო შემთხვევები (2011-2012 და 2016-2017 წლების ზამთარში), როდესაც ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავება აფხაზეთის მთლიან მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებდა. 2016-2017 წლების ზამთარში აფხაზეთის მოხმარებამ გამომუშავებას 166 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა და საჭირო გახდა დეფიციტის აღმოფხვრის სხვა წყაროების მოძიება. დღეს, საქართველო აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის;  მაშინაც კი, როდესაც ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავება საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2017-2018 წლებში ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავებასა და აფხაზეთის მოხმარებას შორის დადებითი სხვაობა დაფიქსირდა, ამ ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 93%-ით აფხაზეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2016 წლისა და 2017 წლის ზამთრებს შორის ენგურისა და ვარდნილის ჰესების წარმოების მერყეობა სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მიზეზებსა და რეზერვუარში დაგროვებული წყლის დონეს უკავშირდება. 2016-2017 წლებისა და 2017-2018 წლების ზამთარში ნალექის საშუალო მაჩვენებელი თითქმის ერთსა და იმავე ნიშნულს აღწევდა; ხოლო 2016 წლის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ნალექის საშუალო მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით უფრო დაბალი იყო (უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურის ნალექის მონაცემებზე დაყრდნობით). რეზერვუარებში უფრო მეტი წყლის დაგროვებას შესაძლოა ელექტროენერგიის გამომუშავების სტაბილიზაციისთვის შეეწყო ხელი (რასაკვირველია, გარკვეული ხარჯის სანაცვლოდ), თუმცა ეს ასე არ მოხდა. შედეგად, ენგურისა და ვარდნილის ჰესების წარმოება 2017-2018 წლებში გაცილებით მაღალი იყო.

ამჟამად, ჯერ კიდევ არ არის ცხადი, საკმარისი იქნება თუ არა ენგურისა და ვარდნილის ჰესების ელექტროენერგიის გამომუშავება ამ ზამთრის აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოუწევს თუ არა საქართველოს საჭირო ელექტროენერგიის ადგილობრივი თბოელექტროსადგურებიდან ან სავაჭრო პარტნიორებისგან მიღება. 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, ენგურისა და ვარდნილის ჰესებმა გამომუშავება 2%-ით გაზარდა; ყოველთვიური ზრდა კი (2018 წლის დეკემბერთან შედარებით) 3%-ს შეადგენდა. ეს დაკავშირებულია უკანასკნელი თვეების ნალექის ზრდასთან. ბოლო სამი თვის ნალექიანობის მაჩვენებელი (თებერვლის ჩათვლით) წინა წელთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა. თუმცა 2018 წლის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ნალექი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2017 წელს. გარდა ამისა, ენგურისა და ვარდნილის ჰესების რეზერვუარებში წყლის რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ზამთრის  მიმდინარე სეზონისათვის შეუძლებელია.

გრაფიკი 1. წარმოება-მოხმარება ზამთრის პერიოდში

რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, ტარიფები აფხაზეთის რეგიონში ისევ დაბალი რჩება (ერთი კვტ.სთ - 0.4 რუბლი=1.6 თეთრი=0.6 აშშ. ცენტი). ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულ მოხმარებას უწყობს ხელს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2007-2018 წლებში აფხაზეთის მოხმარება თითქმის სტაბილურად იზრდებოდა და მხოლოდ ორი დროებითი შემცირება დაფიქსირდა: პირველად 2013 წელს და მოგვიანებით, 2018 წელს (3%-იანი შემცირება 2017 წლის ზამთრის სეზონთან შედარებით). 2019 წლის იანვარში, აფხაზეთმა მოხმარება 2018 წლის იანვართან შედარებით 3%-ით, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით კი 5%-ით გაიზარდა. საბედნიეროდ (იხ. გრაფიკი #2), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2018-2019 წლის ზამთარში აღნიშნული ორი ჰესის გამომუშავებაც გაიზარდა და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა (ჯერჯერობით). თუმცა, საერთო ჯამში, განსხვავება საკმაოდ დაბალია და განსაკუთრებით მშრალმა ზამთარმა ან აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ შესაძლოა სწრაფად (კიდევ ერთხელ) მიგვიყვანოს უარყოფით განსხვავებამდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამან შესაძლოა საქართველოს იმპორტის ზრდისა ან ადგილობრივი თბოელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისკენ უბიძგოს, რაც დამატებით ხარჯებთან და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების შესუსტებასთანაა დაკავშირებული.

გრაფიკი 2. წარმოება-მოხმარება გასული წლის განმავლობაში

ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც ჰესების გამომუშავებასა და მოთხოვნას შორის განსხვავების დასაფარად შედარებით ძვირ იმპორტსა და (იმპორტულ გაზზე მომუშავე) თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას გულისხმობს. ჩვენი აზრით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ზომების მიღება აფხაზი მომხმარებლების არათანაბარი სტიმულების დასაბალანსებლად, რათა ენგურისა და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაქსიმიზაციამ ხელი შეუწყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას (განსაკუთრებით, ზამთარში).

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარი მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას განიცდის და მთავრობის გეგმები ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენტული საბითუმო (და შემდგომ საცალო) ვაჭრობის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული, ენგურ-ვარდნილ-აფხაზეთის თავსატეხის ამოხსნა კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა