შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, „დიდი მონაცემები“ კაცობრიობისთვის: მონაცემების ალტერნატიული წყაროების გამოყენება ტურიზმის განვითარებისათვის
პარასკევი, 22 მარტი, 2019

თბილისში არაერთი შესანიშნავი შენობაა, მაგრამ იცით, ტურისტები რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას? ან თუ დაფიქრებულხართ, რომელია მოგზაურების საყვარელი ქართული კერძი ან ღვინო? მონაცემთა შეგროვების თანამედროვე  ინსტრუმენტებისა და მეთოდების წყალობით ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ხაჭაპური ტურისტების ყველა დროის საყვარელი საჭმელია. 2018 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA), Windfor’s-ის კომუნიკაციების სააგენტოსთან ერთად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „ემოციები არის საქართველო“, რათა განესაზღვრათ, რა მოსწონთ ტურისტებს ყველაზე მეტად ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და რა ემოციებს იწვევს საქართველო მათში. სოციალური მედიის პოსტებისა და ხელოვნური ინტელექტის რთული ინსტრუმენტების დახმარებით, მათ 7 მილიონზე მეტი ტურისტის პოსტი გააანალიზეს. კამპანიის მონაცემთა წყაროდ გამოყენებული იქნა პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა ინსტაგრამი. ინსტაგრამის სურათებისა და მონიშვნების (თაგების) ინფორმაციაზე დაყრდნობით, Windfor’s-მა ყველაზე პოპულარული ქართული კერძი, ღვინო და თბილისში ყველაზე ხშირად მონახულებადი შენობები გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ახალ ნაგებობას, „მშვიდობის ხიდს“ ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ და მონიშვნების 19.16% სწორედ მას ეკუთვნის.

მეორე ადგილზეა რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი უცნაური საათის კოშკით. მას მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა აბანოთუბანში, „ჭრელი აბანო“ და მასზე მონიშვნების 8.24% მოდის; სიაში შემდეგია საქართველოს ბანკის შენობა 2.9%-ით და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მონიშვნების 2%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ჩვენი ეროვნული სამზარეულოსა და არაჩვეულებრივი ღვინის ქება-დიდება ძალიან ხშირად გვსმენია,  სოციალური მედიის ამ პლატფორმის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფერავისა (პოსტების 40.13%) და ქართული ქვევრის ღვინის (22.42%) სიყვარული მხოლოდ მითი არ გახლავთ. ამ ორთან ერთად, ქინძმარაული (21.30%), ხვანჭკარა (8.30%) და რქაწითელი (4.26%) იმ მოწინავე ღვინოების ხუთეულში შედის, რომელთაც ტურისტების გულის დაპყრობა მოახერხეს.

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, ხაჭაპური პოსტების 17.09%-ში, ხოლო ხინკალი 15.74%-ში გვხვდება და ქართული სამზარეულოს კერძებს შორის უპირობოდ ლიდერობენ. ტრადიციული ქართული ტკბილეული, ჩურჩხელა (8.11%), მწვადი (2.95%) და აჭარული ხაჭაპური (2.59%) ასევე მოხვდნენ „ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად ხსენებად ქართული კერძების“ ხუთეულში.

ადვილია იმის მიხვედრა, რომ მოგზაურთა შთაბეჭდილებებზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი ემოციებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაა შესაძლებელი.

მგავსი იდეაა წარმოდგენილი „საქართველოს ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიაშიც“, რომელიც მონაცემთა შეგროვებისა და ბაზრის კვლევის გაუმჯობესებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მოიაზრებს და ტურისტული ბაზრის მოთხოვნებისა და თავისებურებების უკეთ შესწავლას ისახავს მიზნად. ტურისტთა მოთხოვნები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტურისტულ მომსახურებასთან, პროდუქტებთან, დანიშნულების ადგილებთან, ღირსშესანიშნაობებთან და ა.შ. ტურისტების მოგზაურობის ქცევისა და აქტივობების თავისებურებების შესწავლა საწყისი წერტილია ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისათვის, რათა უკეთ შეიმუშაონ პროდუქტის განვითარების სტრატეგია, ტურისტებზე მორგებული მომსახურების პაკეტები, დანიშნულების ადგილების მენეჯმენტი და ტურიზმის ინდუსტრიიდან მეტი სარგებელი მიიღონ (ედვარდსი და სხვები, 2009 წ.; ლიუ და მაკკერჩერი, 2006 წ.). ტურისტების დროითი და სივრცითი აქტივობების გაანალიზებით შესაძლებელია ხშირად გამოყენებადი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და ახალი ტურისტული სანახაობებისა და პროდუქტების შექმნა ამ მარშრუტის სიახლოვეს (ლიუ და მაკკერჩერი, 2006 წ.).

მონაცემთა ოფიციალური წყაროები, როგორებიცაა სასტუმროების ჩანაწერები, მუზეუმების სტუმართა სიები, გამოკითხვების შედეგები, როგორც წესი, არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას ტურისტთა ადგილსამყოფელისა და აქტივობების შესახებ. გარდა ამისა, მონაცემთა შეგროვების ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორებიცაა კითხვარზე დაფუძნებული გამოკითხვები, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და მასშტაბებიც შეზღუდული აქვს. მონაცემთა შეგროვების ეს დაბრკოლებები ხელს უშლის ტურიზმის უფრო ფართო კვლევების ჩატარებას და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების საჭიროებას აჩენს. საბედნიეროდ, ტურიზმი ის სფეროა, სადაც ე.წ. „დიდ მონაცემებს“ (ცნება, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა) ბევრი შესაძლებლობის შექმნა შეუძლია. მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, ტურისტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტოვებენ კვალს. ციფრული და „დიდი მონაცემები“ გამოქვეყნებული ფოტოების, სატელეფონო საუბრებისა და გაგზავნილი მესიჯების, სოციალური მედიის, ბარათით გადახდისა და სხვა აქტივობების დროს გროვდება. ყველა ეს ქმედება მონაცემთა წყაროს წარმოადგენს და შესაძლებელს ხდის, შევისწავლოთ ტურისტთა ქცევა, როდესაც ისინი სხვადასხვა ადგილებს მოინახულებენ (სალას-ოლმედო და სხვ. 2017 წ.).

ევროპის კომისიის ტურიზმის სტატისტიკა „დიდი მონაცემების“ იმ ალტერნატიულ წყაროებს გამოყოფს, რომლებიც ტურიზმის ბაზრის, ტურისტთა ქცევის, ტურიზმის სივრცითი და დროითი კვლევებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ. ეს წყაროები მოიცავს კომუნიკაციის სისტემებს, ინტერნეტ ქსელს, ბიზნეს პროცესების შედეგად წარმოქმნილ მონაცემებს, როგორებიცაა ფინანსური ტრანზაქციები, ფრენების დაჯავშნის სისტემები, საგზაო მოძრაობის სენსორები და ა.შ. (დემნუტერი, 2017 წ.). კომუნიკაციის სისტემებიდან მოპოვებული ,,დიდი მონაცემები“ ტურიზმის სტატისტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად წყაროდ მიიჩნევა. ეს მონაცემები არსებული სტატისტიკის გამდიდრებას ემსახურება და საკმაოდ ღირებული დამატებითი წყაროა.

კომუნიკაციის სისტემებში შემავალი მნიშვნელოვანი წყაროებია: მობილური ქსელის ოპერატორების მონაცემები (MNO) და სოციალური მედიის პოსტები. ეს წყაროები ყველაზე ხშირად გამოიყენება „დიდი მონაცემების“ მოსაპოვებლად და ეყრდნობაყოველდღიური ციფრული კავშირების მონაცემებს.

MNO მონაცემები ძალიან ხშირად გამოიყენება და „დიდი მონაცემების“ ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი წყაროა, რომელიც საზღვრის გადაკვეთისა და ტურისტების დინების მონაცემებს აგროვებს. მობილური ტელეფონების საყოველთაო გამოყენების მეშვეობით MNO მონაცემები ყველაზე რელევანტური წყაროა ტურისტების მოძრაობისა და ადგილმდებარეობის განსასაზღვრად (დემნუტერი, 2017 წ., აჰასი და სხვ. 2017 წ.). MNO მონაცემები გამოიყენება პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას და სულ უფრო იზრდება მისი, როგორც სანდო წყაროს მნიშვნელობა. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც MNO მონაცემებს ფართოდ იყენებს, ესტონეთია, სადაც მონაცემთა ანალიტიკის კომპანია, Positium LBS-მ, ტარტუს უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან ერთად სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტი, Positium Data Mediator შეიმუშავა; ის მობილური ქსელებიდან სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს. ეს ინსტრუმენტი ტურიზმის სტატისტიკისათვის ინფორმაციას ზარის ადგილმდებარეობისა და დროის შესახებ იმ ტელეფონებიდან იღებს, რომლებიც როუმინგს იყენებენ და მათი აღწერა სპეციალური ანონიმური ID-ისა და წარმომავლობის ადგილით ხდება. ამ ტიპის სტატისტიკის გამოყენება შეიძლება როგორც შემომავალი, ისე გამავალი ტიპის ტურიზმის კვლევებისათვის. ქვეყნის შიგნით ფუნქციონირებადი ტელეფონებიდან მოპოვებული მონაცემების გამოყენება შესაძლებელია ტრანსპორტის ქსელისა და მგზავრობის თავისებურებების შესახებ კვლევებშიც (აჰასი და სხვ. 2017 წ.). კუსიკი და სხვები (2010 წ.) ასევე გამოყოფენ მარკეტინგის კონცეფციასა და დანიშნულების ადგილის განვითარების კვლევებს, რომლებიც შესაძლოა მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობის მონაცემებს დაეფუძნოს. ზოგადად, MNO მონაცემებს ძირითადად ეროვნული ბანკები, სტატისტიკის ბიუროები და ის მკვლევარები იყენებენ, ვისაც მონაცემების შეგროვების ტრადიციული მეთოდების გარდა სხვა წყაროებიც აინტერესებს.

MNO მონაცემების მთავარი უპირატესობა, რომლებიც მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობას ეფუძნება, გახლავთ ის, რომ მობილური ტელეფონები საკმაოდ გავრცელებულია. დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, ზოგს ორიც კი. ეს მონაცემების შეგროვებას ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ხარჯ-ეფექტიანს ხდის. გარდა ამისა, MNO მონაცემები გეოგრაფიულად და დროსთან მიმართებაში უფრო ზუსტია, ვიდრე ტრადიციული მონაცემები. მობილური ტელეფონებიდან მიღებული ინფორმაციის მთავარი უარყოფითი მხარე მონაცემების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემებია; საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტები, რათა MNO მონაცემები ანონიმურ და გადამუშავებულ სტატისტიკად იქცეს. ესტონეთის მაგალითს თუ განვიხილავთ, ასეთი ინსტრუმენტია Positium Data Mediator. MNO-ს მონაცემები ასევე დაკავშირებულია გამოყენებისა და დამუშავების პროცედურების სირთულეებთან, რაც ინფორმაციის დიდი მოცულობითაა განპირობებული.

ესტონეთი მონაცემთა შეგროვების თანამედროვე პრაქტიკის ის მაგალითია, რომელიც შესაძლოა მომავალში მობილური ქსელების ინფორმაციაზე დაფუძნებული ახალი კვლევების საფუძველი გახდეს. ამ მაგალითზე დაყრდნობით, მონაცემთა სისტემები ისეთ ქვეყნებშიც შეიძლება განვითარდეს, როგორიც საქართველოა და სადაც ბაზრის ხარისხიანი კვლევა სამომავლო სტრატეგიული მიზნების დასახვისათვის აუცილებელი პირობაა.

დროთა განმავლობაში, შეიცვალა ტურისტთა ქცევა და ისინი ნელ-ნელა გადადიან კომუნიკაციის ისეთ ფორმებზე, რომლებიც არ ეფუძნება სიმ-ბარათებს (ონლაინ მესიჯები, ალტერნატიული ხმოვანი/ვიდეო ზარების სისტემები). დატილომ და სხვებმა (2016 წ.) გამოავლინეს, რომ ტურისტები მობილურ ტელეფონებს ქვეყნის შიდა მოგზაურობის 90% შემთხვევაში იყენებენ, ხოლო, ქვეყნის გარეთ, შემთხვევების მხოლოდ 71%-ში. აქედან გამომდინარე, მობილური ქსელების ოპერატორები იწყებენ ისეთი სიგნალების შეგროვებასაც, რომლებიც განხორციელებულ ზარებთან და არ არის კავშირში. დე მეერსმანისა და სხვების (2016) მიხედვით, სხვა საინტერესო სიგნალების შემთხვევები ათჯერ აღემატება მხოლოდ ზარების ჩანაწერების რიცხვს.

სოციალური მედიის პოსტები  ტურიზმის სტატისტიკის მნიშვნელოვანი წყაროა. მისი უპირატესობა მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობის მონაცემებთან შედარებით ის გახლავთ, რომ სოციალური მედიის მეშვეობით მეტი დეტალური და კონტექსტუალური ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. თუ MNO მონაცემებს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია ტურისტის ადგილმდებარეობის შესახებ რუკაზე, სოციალური მედიის პოსტების მეშვეობით შეგვიძლია შევიტყოთ, თუ სად იმყოფება ტურისტი და რა აქტივობებშია ის ჩართული. ქუან ვუმ და სხვებმა (2017 წ.) გააანალიზეს სოციალური მედიის ერთ-ერთი პლატფორმიდან, Foursquare-დან მიღებული მონიშვნების მონაცემები და განსაზღვრეს ადგილმდებარეობის კატეგორიები, რომლებიც ტურისტების პოპულარულ აქტივობებს ასახავს მოგზაურობისას. GNTA-სა და Windfor’s-ის ქართული კამპანია სოციალური მედიის პოსტების გამოყენების კარგი მაგალითია.

„დიდი მონაცემების“ მნიშვნელობა ბაზრის კვლევის, ტურიზმის სტატისტიკის, პროდუქტის განვითარების, პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და დანიშნულების ადგილების განვითარებისთვის კიდევ უფრო იზრდება და, შესაბამისად, მცირდება მხოლოდ გამოკითხვებზე დაფუძნებული მონაცემების ღირებულება. დემუნტერს (2017 წ.) თუ დავეყრდნობით, „დიდი მონაცემების“ სამი ეტაპი ნელ-ნელა შეამცირებს გამოკითხვებზე დაფუძნებული მონაცემების საჭიროებას. მოკლევადიან პერიოდში „დიდ მონაცემებს“ დამხმარე როლი ექნება, ხოლო ტრადიციული, გამოკითხვებზე დაფუძნებული მონაცემები მთავარ წყაროდ დარჩება. საშუალოვადიან პერიოდში, „დიდი მონაცემების“ როლი გადააჭარბებს ტრადიციულ გამოკითხვებს. ხოლო გრძელვადიან პერიოდში, გამოკითხვებზე დაფუძნებული მონაცემები ნაწილობრივ ჩანაცვლდება „დიდი მონაცემების“ ალტერნატიული წყაროებით. ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მიდგომებისათვის ფეხის აწყობა მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარების შესაძლებლობას ნიშნავს. ეს კი, თავის მხრივსტრატეგიული ინდუსტრიების განვითარებისათვის საიმედო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეკონომიკურ ზრდასა და პროგრესს გულისხმობს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა