შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? საკრედიტო რეგულაციები საქართველოში
ორშაბათი, 22 აპრილი, 2019

„არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და შავ სიაში მოხვდეს,” – გიორგი ქობულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი

„მოკლევადიან პერიოდში ხარჯების გაწევა ყოველთვის ღირს გრძელვადიან პერიოდში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად,“ – კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

დაახლოებით ორი წლის წინ, ISET-PI-მა საქართველოში ჭარბვალიანობის შესახებ ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა. სტატიაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ფინანსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ფინანსური ინსტიტუციების აგრესიული მარკეტინგული კამპანიისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ქართველები (განსაკუთრებით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა) ვალების ჭაობში ეფლობოდნენ და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა უჭირდათ. აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც სამომხმარებლო სესხების მოცულობას ზომავს, მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი 6-7 წლის მანძილზე. მაგალითად, თუ 2011 წლის პირველ კვარტალში საოჯახო მეურნეობის სესხის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 10.6% იყო, 2018 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 36.7%-ს მიაღწია. გარდა ამისა, საოჯახო მეურნეობის ვალის თანაფარდობა დაუბეგრავ შემოსავალთან 2012 წლის მე-4 კვარტალში 25.2%-ს უტოლდებოდა, ხოლო 2018 წლის მე-3 კვარტალში 57%-მდე, ანუ დაახლოებით ორჯერ გაიზარდა (რაც ამ მაჩვენებლის ისტორიული მაქსიმუმია). გაიზარდა შინამეურნეობის ვალის მომსახურების (ძირი პლუს პროცენტი) თანაფარდობა განკარგვად შემოსავალთან და, თუ 2012 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, 2018 წლის მე-3 კვარტალში მან უკვე 14.6%-საც კი მიაღწია (წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები).  მიუხედავად იმისა, რომ ანაბრების მიმღები ინსტიტუციების სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა (მიკროსაფინანსო ინსტიტუციები, ონლაინ კრედიტორებისა და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ანაბრებს არ იღებენ, გაცილებით უფრო არასტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ), ხშირად გვესმის ისტორიები ღარიბ და მოწყვლადი ფენის წარმომადგენელ ადამიანებზე, რომელთაც ძვირი სესხების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნათ და საკუთარ მფლობელობაში მყოფი ერთადერთი უძრავი ქონებაც დაკარგეს.

რეგულაციების ორი ტალღა

საქართველოში ჭარბვალიანობის საფრთხეებზე ყურადღება მხოლოდ ISET-PI-ს არ გაუმახვილებია. ამ საკითხზე აქცენტს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკეთებდნენ და პოლიტიკის გამტარებლებს ურჩევდნენ, კრედიტების ზრდის რეგულირების მიზნით შესაბამისი ზომები მიეღოთ. საკრედიტო რეგულაციების პირველი ტალღა 2018 წლის მაისში გატარდა და ის მიზნად ისახავდა სესხის ისეთ პირებზე გაცემის შეზღუდვას, ვისაც შესაძლოა მის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი არ ჰქონოდა. ცვლილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (NBG) მოამზადა, თუმცა ამ ინიციატივამ მთავრობის მაღალი საფეხურის ოფიციალური პირებისგანაც მკვეთრი მხარდაჭერა დაიმსახურა (განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტროში), რამაც დააჩქარა რეფორმის იმპლემენტაციის პროცესი. ახალი რეგულაციების თანახმად, შეიზღუდა სესხის გაცემა მომხმარებლის გადახდისუნარიანობის სათანადო შესწავლის გარეშე. ამასთანავე, კომერციულ ბანკებს გადახდისუნარიანობის ანალიზის ჩატარების გარეშე სესხის გაცემა მათი საზედამხედველო კაპიტალის მხოლოდ 25%-მდე ოდენობით შეეძლოთ. რეგულაციების პირველი ტალღა განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (MFI) და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებს შეეხოთ; შესაბამისად, მიკროსაფინანსო დაწესებულებების რაოდენობა 2018 წლის მაისიდან 2019 წლის იანვრამდე 73-დან 65-მდე შემცირდა, ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების რიცხვი კი იმავე პერიოდში 75-დან 30-მდე დაეცა (ონლაინ კრედიტორთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მოცემული მაჩვენებლები ფინანსური ექსპერტების შეფასებებს ეყრდნობა).

რეგულაციების მეორე ტალღა, რომელიც კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებდა ძალაში 2019 წლის იანვარში შევიდა. საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავდა გასესხებისადმი უფრო მკაცრ მიდგომას  და სავალდებულოს ხდიდა გადახდისუნარიანობის ანალიზს (რომელიც შემოსავლების, ხარჯებისა და მსესხებლის მთლიანი ვალდებულებების დეტალურ შესწავლას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის შესწავლას და სხვადასხვა სახის ანალიზს გულისხმობს) ნებისმიერი ინსტიტუციისათვის, რომელიც სესხებს 20-ზე მეტ პირზე გასცემდა; ასეთებია კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ საკრედიტო დაწესებულებები და ა.შ. გარდა ამისა, იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15 წლით განისაზღვრა, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების – 10 წლით, ხოლო სატრანსპორტო სესხების შემთხვევაში – 6 წლით. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, მისი აღება მაქსიმუმ 4 წლის ვადითაა დაშვებული. ამასთანავე, მსესხებლის წმინდა შემოსავალსა და სესხის მომსახურებისთვის გადახდილ თანხას შორის სხვაობა საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს. განკარგულებით განისაზღვრა სესხის მომსახურების (PTI) და სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტებიც დაუბეგრავი შემოსავლის სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია წარმოდგენილი (წყარო: FactCheck, GRASS, New Lending Regulations – New Barriers for the Consumer and for Business).

ცხრილი 1. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები (PTI)

ყოველთვიური წმინდა შემოსავალი, ლარი არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის (მაქსიმალურ საკონტრაქტო ვადაში ჰეჯირებული მსესხებლებისთვის (მაქსიმალურ საკონტრაქტო ვადაში)
შემოსავალი <1,000 20%, 25% 25%, 35%
1,000 ≤ შემოსავალი < 2,000 20%, 25% 35%, 40%
2,000 ≤ შემოსავალი < 4,000 25%, 30% 45%, 55%
შემოსავალი ≥ 4,000 30%, 35% 50%, 60%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №281/04

ცხრილი 2: სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტები (LTV)

ლარით გაცემული სესხებისთვის (LTV) 85%
უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის (LTV) 70%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №281/04

ჭარბვალიანობის მიზეზები

ეკონომიკური ლიტერატურა ჭარბვალიანობას შემდეგნაირად განმარტავს: „საოჯახო მეურნეობას გააჩნია ჭარბვალიანობის პრობლემა, თუ მისი შემოსავალი (საყოფაცხოვრებო ხარჯების გამოკლების შემდეგ) არასაკმარისია ხანგრძლივ პერიოდში სესხის დროულად მომსახურებისათვის (დ’ალესიო და ლეზი, 2013 წ.). სამწუხაროდ, მიკრო დონეზე, საქართველოში ჭარბვალიანობის მქონე საოჯახო მეურნეობის შემსწავლელი ემპირიული ლიტერატურა პრაქტიკულად არ არსებობს (რომელიც დასვამდა კითხვებს: რატომ ისესხეს თანხა საოჯახო მეურნეობებმა? რა არის მათი საშუალო განკარგვადი შემოსავალი? როგორია მათი განათლების დონე? რა გახდა საოჯახო მეურნეობის გადახდისუუნარობის მიზეზი და ა.შ.). მიუხედავად ამისა, მაკროეკონომიკურ მონაცემებზე დაკვირვებით და თვისობრივი ანალიზის მეთოდების გამოყენებით, მაინც შესაძლებელია ჭარბვალიანობის პოტენციური მიზეზების განსაზღვრა. ჭარბვალიანობის პრობლემის მიზეზების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება: მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით.

მოთხოვნის მხრივ, შემდეგი მიზეზების განსაზღვრაა შესაძლებელი:

  1. უკიდურესი სიღარიბე და უმუშევრობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2010-2017 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი საშუალოდ 27.1%-ს შეადგენდა (რაც მოსახლეობის მეოთხედზე ოდნავ მეტია), თუმცა ეს წილი კიდევ უფრო მაღალ, 32.4%-ს აღწევდა სოფელში მცხოვრებთათვის. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასაქმების პრობლემა მუდმივად დგას საქართველოს დღის წესრიგში. 2010-2018 წლებში უმუშევრობის დონის საშუალო მაჩვენებელი 15.4%-ს შეადგენდა, თუმცა, მოსახლეობის 54.8%  უმეტესად ძალიან დაბალ პროდუქტიულ, თვითკმარი სოფლის მეურნეობის სექტორში იყო თვითდასაქმებული. მიიჩნევა, რომ საზოგადოების ღარიბი და უმუშევარი ნაწილისათვის ჭარბვალიანობის მახეში აღმოჩენის რისკი გაცილებით მაღალია (Economic Policy Research Center (EPAC) - Management of nonperforming loans in Georgia, 2014).
  2. ფინანსური განათლების დაბალი დონე. 2016 წელს, ISET-PI-მა საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ფინანსურ განათლებას ზომავდა და ოთხ შეკითხვას მოიცავდა შემდეგ საკითხებზე: (1) საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდი, (2) ინფლაცია, (3) ფინანსური რისკები და (4) ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 42% საშუალო კატეგორიაში მოხვდა (ორი ან სამი სწორი პასუხით), ხოლო 52%-მა ფინანსური განათლების დაბალი დონე გამოავლინა (ერთი ან არცერთი სწორი პასუხი). ფინანსური განათლების დაბალი დონე მაღალხარჯიანი სესხის დაუფიქრებლად აღების რისკს ზრდის და, შესაბამისად, ასეთ საოჯახო მეურნეობებს მუდმივად სესხის გადახდის პრობლემა აქვთ (გეზერგუდი და დისნეი, 2011 წ.).
  3. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯები. (ძირითადად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამდე). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ჯანმრთელობის საშუალო ხარჯი (ჯანმრთელობის მიმდინარე ხარჯის პროცენტული მაჩვენებელი) საქართველოს მოსახლეობისთვის 2011 წელს 76%-ს შეადგენდა და 2015 წლისთვის 57%-მდე შემცირდა (თუმცა 2011-2015 წლების მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან, 18%-თან შედარებით ჯერ კიდევ ძალიან მაღალი გახლდათ). ოჯახები ხშირად იძულებული ხდებიან, ასეთი ხარჯები სესხით ან მოძრავი და უძრავი ქონების გაყიდვით დაფარონ (დამე და სხვები, 2004 წ., ჯო, 2014 წ.).
  4. აზარტული თამაშების პრობლემები, კაზინოების ბიზნესი და ლუდომანია. 2015 წელს CRRC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 6% აზარტულ თამაშებში იყო ჩაბმული, ხოლო მათი 47% არა გასართობად, არამედ დიდი ოდენობით თანხის მოსაგებად თამაშობდა. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2017 წელს 5.6 მილიარდ ლარს მიაღწია (რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდი ლარით აღემატება). შესაბამისად, აზარტული თამაშების სწრაფად მზარდი ბიზნესი შესაძლოა მჭიდრო კავშირში იყოს ჭარბვალიანობის პრობლემასთან (აზარტული თამაშებით გატაცება შეიძლება ქმნიდეს ტოქსიკური სესხების აღების მოტივაციას).
  5. სხვა ფაქტორები: ფინანსური ინსტიტუციების აგრესიული მარკეტინგული კამპანია; ნაკლებად მკაცრი შრომის კოდექსისა და კანონის შეუსაბამო აღსრულებისგან გამოწვეული არასტაბილური დასაქმება; არაჰეჯირებული სესხება (ე.წ. „ვალუტების შეუსაბამობა“ – შემოსავლისა და ვალდებულებების სხვადასხვა ვალუტებში ქონა); მშენებლობის სექტორის ბუმი და ა.შ.

მოთხოვნის მხრიდან არსებული ეს ფაქტორები ვერ შეუწყობდა ხელს ჭარბვალიანობას პრობლემის ჩამოყალიბებას, რომ არა კრედიტის სათანადო მიწოდება. მიწოდების მხრივ, შემდეგი მიზეზების დასახელებაა შესაძლებელი:

  1. მიკროსაფინანსო დაწესებულებების (MFI) და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2007 წელს მხოლოდ 15  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არსებობდა, თუმცა მათი რიცხვი 2017 წლამდე 75-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2010-2016 წლებში მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობა და ყველა ონლაინ საკრედიტო დაწესებულება კონკრეტულ ბიზნეს პროფილს იყენებდა სესხების (ძირითადად სამომხმარებლო) გასაცემად – მსესხებლების ფინანსურ სტაბილურობას ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ (სესხებს ისეთ ადამიანებსაც სთავაზობენ, რომელთაც შემოსავლის მუდმივი წყარო არ გააჩნიათ – ტოქსიკური სესხები) და, როგორც წესი, უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს ითხოვდნენ, ვიდრე კომერციული ბანკები. იქიდან გამომდინარე, რომ კომერციულ ბანკებს სესხის გაცილებით უფრო მკაცრი სტანდარტები და პირობები აქვთ, MFI-ების და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული სესხებით ძირითადად ღარიბი და/ან უმუშევარი ადამიანები სარგებლობდნენ (Economic Policy Research Center (EPAC)  Management of nonperforming loans in Georgia, 2014).
  2. გაზრდილი ანაბრების მოცულობა კომერციულ ბანკებში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში ანაბრების მარაგი 2011 წლის შემდეგ 3.6-ჯერ გაიზარდა (ზრდის ტემპი 2015-2016 წლებში გაცილებით უფრო მაღალი იყო), ხოლო, უცხოურ ვალუტაში არსებული ანაბრების მოცულობამ (გაცვლითი კურსის მხედველობაში მიღების გარეშე) იმავე პერიოდში მხოლოდ 2.8-ჯერ მოიმატა. გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა ქმნის რესურსს კომერციული ბანკებისთვის, რათა გაზარდონ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება.

მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგად ეროვნულ ვალუტაში არსებული კრედიტების ექსპანსია გაცილებით უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა; თუმცა უპასუხისმგებლო დაკრედიტებასთან ერთად, აღნიშნული ტენდენციის მხედველობაში მიღების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, შეეზღუდა საკრედიტო ბაზრის ზრდა და ამით ფინანსური არასტაბილურობის რისკები შეემცირებინა.

რატომ უნდა გვაღელვებდეს ჭარბვალიანობა?

ემპირიული ლიტერატურის მიხედვით, ჭარბვალიანობას შესაძლოა სამი ტიპის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს:

  1. ფინანსური არასტაბილურობის საფრთხე. საკრედიტო ბაზრის სწრაფი ზრდის მიუხედავად, ანაბრის მიმღები ინსტიტუციების სტაბილურობა ეჭვქვეშ არასდროს იდგა (ვადაგადაცილებული სესხების შეფარდება სესხების მთლიან ოდენობასთან კომერციულ ბანკებში სტაბილური რჩება დაბალ დონეზე). თუმცა სხვა საფინანსო დაწესებულებების მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ფინანსური წნეხი უმეტესად იმ ოჯახებს დააწვა, ვინც  სესხის მისაღებად სხვადასხვა მიზეზით კომერციული ბანკების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. შესაბამისად,  ქვეყნის ერთადერთი საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვედრილი სესხები, უმეტესად სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და/ან ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიერ იყო გაცემული, რაც ლოგიკურია, რადგან ბანკებს სესხის გასაცემად უფრო მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ (და აქვთ). სამომხმარებლო სესხების ასეთმა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ფინანსური სექტორის მდგრადობა (ბაბიჩი, გრიგოლია და კეშელავა, 2018 წ.).
  2. ჭარბვალიანობის ნეგატიური სოციალური შედეგები. აღსანიშნავია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მქონე ოჯახების უმრავლესობისთვის ვალის მოცულობა საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ფორმით არსებული ჭარბვალიანობა უფრო მეტად სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ფინანსური დესტაბილიზაციის საფრთხეს (დ’ალესიო და იეზი, 2013 წ.; დავით უტიაშვილი  საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა, 2018 წ.). ჭარბვალიანობის პრობლემას ხშირად მივყავართ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მსესხებლების ქონების ჩამორთმევამდე. მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ჩამორთმეული უძრავი და მოძრავი ქონების მთლიანი ღირებულება 7.9-ჯერ გაიზარდა 2011 წლის შემდეგ. ამასთანავე, „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადჰყოფს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩამორთმეული და რეალიზებული ქონების რაოდენობამ 9,378-ს მიაღწია 2011-2015 წლებში. გარდა ამისა, ჩამორთმეული ქონების 27.1% კომერციულ ბანკებზე მოდიოდა, 16% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ყველაზე დიდი წილი (51%) – კერძო მევახშეებზე. ამასთან, ჭარბვალიანობა ხშირად იწვევს კრიმინალის დონის ზრდას, მაღალ სტრესს სამუშაო ადგილზე (რაც ამცირებს პროდუქტიულობას), ფსიქიკურ და ფიზიკურ აშლილობას და თვითმკვლელობასაც კი (სამწუხაროდ, ჭარბვალიანობის გამო თვითმკვლელობის  არაერთი შემთხვევა ფიქსირდება).
  3. ჭარბვალიანობის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები. რაც შეეხება უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, ჭარბვალიანობამ შესაძლოა ადამიანებს ფორმალური სამსახურის დაწყების მოტივაცია გაუქროს და ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართვისაკენ უბიძგოს, ხელფასის ოფიციალური ჩარიცხვის თავიდან არიდების მიზნით.
რა ნაკლოვანებები აქვს შემოთავაზებულ რეგულაციას?

აღსანიშნავია, რომ მიწოდების მხარეზე კონცენტრირებული რეგულაციები, როგორც წესი, ერთგვარი კომპრომისის საჭიროებას აჩენს ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიან სარგებელსა და კრედიტების შეზღუდვის მოკლევადიან ხარჯებს შორის. მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ეცადოს, შეინარჩუნოს ბალანსი მომხმარებლების ჭარბვალიანობისგან დაცვასა და ფინანსური დაწესებულებების მიერ გაცემულ კრედიტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად მიღწეულ მომგებიანობას შორის.

  1. სამომხმარებლო სესხის დაბალი ზრდის ტემპები (მოკლევადიანი ეფექტი). საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში სამომხმარებლო სესხების ყოველწლიური ზრდის ტემპი დაახლოებით 3,2%-ს აღწევდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2018 წელს 33%-ს, ხოლო 2017 წელს 22.5%-ს შეადგენდა. ამ კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების სწრაფმა შემცირებამ შეიტანა (საშუალოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში 47.3%-იანი შემცირება). გარდა ამისა, საგრძნობლად შემცირდა განვადების ტიპის სესხებიც; მიწოდების მხრივ, ამ ყოველივემ უარყოფითი გავლენა იქონია ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებზე და ამ სექტორში მომუშავე მრავალმა ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა. მოთხოვნის მხრივ, ამ რეგულაციამ შეამცირა ხელმისაწვდომობა მაცივრებზე, ტელევიზორებსა და სხვა თანამედროვე ტექნიკაზე. ტექნიკის მაღაზიებმა დაამატეს ქირაობის სერვისები და უკვე მუშაობენ შიდა განვადების სისტემების შეიმუშავების მიმართულებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არც გამოცდილება აქვთ და, სავარაუდოდ, ვერც ეფექტურობის მაღალ დონეს მიაღწევენ.
  2. იპოთეკური სესხები უძრავი ქონების შეძენისა და რემონტისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციებს იპოთეკურ სესხებზე პოტენციურად უარყოფითი გავლენა უნდა მოეხდინა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იპოთეკური სესხები უძრავი ქონებისა შეძენისა და რემონტებისათვის ზრდის სწრაფ წლიურ ზრდის ტემპებს ინარჩუნებს. ოჯახების მიერ აღებული იპოთეკური სესხები (გაცვლითი კურსის გათვალისწინების გარეშე) 2019 წლის პირველ სამ თვეში საშუალოდ 39.9%-ით გაიზარდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, მნიშვნელოვნად შემცირდა აქტივობა მშენებლობის სექტორში (რეგულაციებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამკაცრების გამო). გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიები შიდა სესხების შემოღებას გეგმავენ, რათა იპოთეკური სესხების შეზღუდვებისგან გამოწვეული დანაკარგების კომპენსაცია მოახერხონ.
  3. დასაბუთებული შემოსავალი და ჩრდილოვანი ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უტყუარი ინფორმაცია, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული ჩრდილოვან ეკონომიკაში, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოს შემთხვევაში (მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, არასასოფლო-სამეურნეო არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 33.9%-ს შეადგენდა). საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სოფლებში ცხოვრობს და მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობაში საკუთარი ოჯახის რჩენის მიზნითაა ჩართული. აქედან გამომდინარე, ფინანსურ ინსტიტუციებს შესაძლოა მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნათ მათი შემოსავლის აღრიცხვის მომხმარებელთა კრედიტუნარიანობის შეფასების კუთხით, რასაც ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობამდე მივყავართ.

4. კერძო მევახშეები. კრედიტის დარეგულირებულმა მიწოდებამ მოთხოვნის შეზღუდვის გარეშე შესაძლოა საკრედიტო ბაზარზე დისბალანსი გამოიწვიოს, რაც არარეგულირებადი კერძო მევახშეებს (პირები, რომლებიც სესხს 20-ზე ნაკლებ ადამიანზე გარკვეული საპროცენტო განაკვეთის [როგორც წესი, უფრო მაღალ პროცენტად, ვიდრე სხვა ინსტიტუციები] სანაცვლოდ გასცემენ) უქმნის შესაძლებლობას უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდონ და მსესხებლებს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები შესთავაზონ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული რეგულაციების პაკეტი მხოლოდ მიწოდების მხარის ღონისძიებებს გულისხმობს, თუმცა ჭარბვალიანობა უფრო კომპლექსური ფენომენია და როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნასთან დაკავშირებულ ფაქტორებს მოიცავს. გარდა ამისა, ემპირიული ლიტერატურის დიდი ნაწილის მიხედვით, მხოლოდ მიწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორების დაბალანსებით არის შესაძლებელი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრა (ბრაუჩერი, 2006 წ. [აშშ]; დ’ალესიო და ლეზი, 2013 წ. [სამხრეთ აფრიკა]; კოვაჩი, 2013 წ. [უნგრეთი]). აქედან გამომდინარე, პოლიტიკის გამტარებლებმა უნდა იმუშაონ, რათა გააუმჯობესონ საზოგადოების ფინანსური განათლება (განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის); შეამცირონ სიღარიბე და უმუშევრობა შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით; შემოიღონ გარკვეული რეგულაციები აზარტული თამაშების სექტორში (განსაკუთრებით, 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის); გააუმჯობესონ მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხები და ა.შ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა