შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

განგაშის ზარები უკვე რეკავენ: რთული ზაფხული საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის
პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2019

წლების განმავლობაში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის უარყოფითი სხვაობა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა. თუმცა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ელექტროენერგიის დეფიციტი არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ათი თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ეს ყოველივე კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა უარყოფითი სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამომუშავებამ მოხმარებას მხოლოდ ორჯერ – მაისსა და ივნისში გადააჭარბა (იხ. 1-ლი გრაფიკი). წელს საქართველო პირველად ისტორიაში ივლისშიც დადგა დეფიციტის პრობლემის წინაშე. 2019 წლის ივლისის დეფიციტს ( 54 მლნ. კვტ.სთ.) კი უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამასთან, 2019 წლის აგვისტოში მოხმარებასა და გამომუშავებას შორის უარყოფითი სხვაობა კიდევ უფრო, 84 მლნ. კვტ.სთ-მდე, გაღრმავდა.

გრაფიკი 1. ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავება

არ არის აუცილებელი, დეფიციტის ზრდა მოვლენების უარყოფით განვითარებაზე მიუთითებდეს. შესაძლოა ზაფხულის გაზრდილი მოთხოვნა იქიდან გამომდინარეობდეს, რომ საქართველო ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, იგი იმ ქვეყნებს უერთდება, სადაც მოთხოვნა პიკს არამხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც აღწევს. ეს კიდევ, თავის მხრივ, შეიძლება ზაფხულში კონდიციონერების მოხმარების ზრდითა და ტურიზმის განვითარებით იყოს გამოწვეული. თუმცა ამ შემთხვევაში უარყოფითი სხვაობის გაღრმავება არამხოლოდ მოთხოვნის ზრდამ, არამედ მიწოდების შემცირებამაც განაპირობა.

საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავებაში წყლის ენერგიაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოდის, ამიტომ გადავწყვიტეთ, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ნალექის მაჩვენებლებს დავკვირვებოდით. გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) 18 სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლის ნალექის საშუალო მაჩვენებელმა უკანასკნელი რვა წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია (11%-ით დაბალი წინა 12 თვესთან შედარებით), რამაც ჰესების გამომუშავების პოტენციალის შემცირება განაპირობა. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია 2018-2019 წლებში გამომუშავების დეფიციტი და დისბალანსის ზრდა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის.

გრაფიკი 2. ნალექების წლიური მაჩვენებელი1

მოხმარების მზარდ ტენდენციასთან ერთად, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის მზარდი სხვაობა ზემოთ აღნიშნული არასასურველი კლიმატური პირობებითაც შეიძლება აიხსნას. შესაძლოა, ამიტომაც აღარ აღმოჩნდა საკმარი ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებობების გაძლიერება მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა ჰიდრორესურსების საშუალებით ენერგიის გამომუშავება (2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე ახალმა ამოქმედებულმა ოთხმა სეზონურმა2 და ხუთმა მცირე3 ჰესმა ზაფხულში ელექტროენერგიის   გამომუშავებაში  3.5%-იანი წვლილი შეიტანა).

შესაძლოა, შედარებით მცირე ნალექიანობა გასულ წელს ელექტროენერგიის ბაზრისთვის მხოლოდ დროებითი კრიზისი იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. გარემოს შესახებ ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NOAA) 2018 წლის გლობალური კლიმატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხმელეთისა და ოკეანის საერთო ტემპერატურა მთლიანობაში  1880 წლის შემდეგ ყოველ ათწლეულში საშუალოდ 0.07°C/0.13°F-ით იმატებდა; თუმცა 1981 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 0.17°C/0.31°F-ს აღწევს; ანუ საქმე გვაქვს საშუალო ზრდის გაორმაგებასთან. პროგნოზის მიხედვით, 2020 წლამდე ზედაპირის გლობალური ტემპერატურა, 1986-2005 წლის საშუალო მონაცემთან შედარებით, 0.5°C (0.9°F)-ით მეტი იქნება, მიუხედავად იმისა, როგორ პოლიტიკას აირჩევს მსოფლიო ნახშირორჟანგის ემისიებთან მიმართებაში. გაზრდილი ტემპერატურა უფრო მშრალ კლიმატს, წყლის დაბალ კონცენტრაციასა და, საბოლოოდ, ჰიდრორესურსების გამომუშავების პოტენციალის შემცირებას გამოიწვევს. ეს ფაქტორები კი არახელსაყრელ პირობებს შექმნის ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთა ელექტროსისტემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წყლის ენერგიაზე. ვინაიდან საქართველოში ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტების უდიდესი წილი ჰესებს ეკუთვნის, უკანასკნელი მოვლენები გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ, რაც პოლიტიკის შემქმნელების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნება და გაძლიერება, ენერგიის განახლებად წყაროებსა და ენერგოეფექტურობის ზრდას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

ახალ ტრენდს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზეც. ქვეყანა მაშინ აღწევს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როდესაც შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად საკმარის, მეტნაკლებად იაფ ენერგიაზე მიუწვდება ხელი. ხელმისაწვდომობის უსაფრთხოება კი მაშინაა უმაღლეს დონეზე, როდესაც ქვეყანას თვითუზრუნველყოფა შეუძლია. თვითუზრუნველყოფის გარეშე ხელმისაწვდომობის უსაფრთხოება კი მხოლოდ ერთი გზით მიმწოდებლების პორტფოლიოს დივერსიფიკაციით მიიღწევა. სამწუხაროდ, საქართველოს მიმწოდებელთა პორტფოლიო ჯერ კიდევ მეტნაკლებად კონცენტრირებულია. ამიტომ, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის შემთხვევაში, უსაფრთხოების მოპოვების შესაძლებლობას ელექტროენერგიისა და თბოელექტროსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტის შემცირება ქმნის. ბოლო ორი ზაფხულის მონაცემებით (იხ. მე3 გრაფიკი)4, საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდას თან თბოსადგურების მზარდი წარმოება და იმპორტის უეცარი მატება ახლავს, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ამცირებს.

გრაფიკი 3. თბოელექტროენერგია და ელექტროენერგიის იმპორტი ზაფხულში

ასეთი ცვალებადი ტენდენციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან. ეს შესაძლოა გულდასაწყვეტი სიახლე იყოს მათთვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდებოდა. მე-4 გრაფიკი წლების მანძილზე ზაფხულში ექსპორტის დინამიკას გვიჩვენებს; აშკარაა, რომ 2019 წლის ზაფხული უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოსთვის ყველაზე ცუდი სეზონი იყო საექსპორტო შესაძლებლობების  მხრივ.

გრაფიკი 4. ელექტროენერგიის ექსპორტი ზაფხულში

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილი მოხმარება, განახლებადი ენერგიის წყაროების (გარდა წყლის რესურსებისა) განვითარებისთვის გაწეული მწირი ინვესტიციები და დივერსიფიკაციის ნაკლებობა საქართველოს ელექტროენერგიის უსაფრთხოებას აზარალებს და მას კლიმატის ცვალებადი პირობების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკის შემქმნელები უფრო გონივრულ და წინდახედულ მიდგომას გამოიყენებენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ისეთი შოკების უარყოფითი შედეგები, რომელთაც ქვეყანაზე გავლენის მოხდენა რეალურად შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალს ვერ განვჭვრეტთ, თუმცა სულ მცირე პოტენციური რისკებისგან თავის დაზღვევა ნამდვილად შეგვიძლია.


1 გასული წლის აგვისტოდან მომდევნო წლის ივლისამდე, მაგალითად, 2011-2012 წლების მაჩვენებლები მოიცავს ნალექის დონეს 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის ივლისამდე.
2 კირნათიჰესი, ოლდენერჯიჰესი, მესტიაჭალაჰესი 1 & 2
3 სკურდიდიჰესი, ჯონოულიჰესი 1, არაგვიჰესი 2, ოროჰესი და ავანიჰესი
4 მოიცავს ოთხ თვეს: მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა