
დიგიტალიზაცია არის პროცესი ცვლილებებისა, რომლებსაც ციფრული ტექნოლოგიები იწვევს ან განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში. ბიზნესთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს ციფრულ სიახლეებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნეს მოდელებზე და ამა თუ იმ პროდუქტის შექმნასა თუ მომსახურების მიწოდებაზე.

COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის საუკეთესო პერიოდია: მუდმივად კავშირზე ყოფნა მარტივია და შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო. შემოსავლის დამატებითი წყაროები ადამიანების ყურადღებას მსოფლიოს ყველა კუთხეში იქცევს; მოტივაციას ისიც ზრდის, რომ ხშირად გვესმის ახალი პროგრამის შესახებ, რომლებიც ბიზნესებს ეხმარება და, შესაბამისად, სტარტაპერობას კიდევ უფრო ამარტივებს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. გრანტები, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიები და სააქციო კაპიტალში მონაწილეობა ის ინსტრუმენტებია, რომლებიც კომპანიების ხელშეწყობისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება (დუპონი და მარტინი, 2006 წ.). თითოეულ ასეთ პროგრამას თავისი მიზანი აქვს. მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები და ფულადი სუბსიდიები ახალი და მცირე კომპანიებისათვის ფინანსური შეზღუდვების მოხსნას ემსახურება (ჰაბარდი, 1998 წ.).

ბიზნეს სექტორის მოლოდინების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის პირველ კვარტალში კიდევ ერთხელ გაიზარდა (ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში) და 31.4 პუნქტი შეადგინა. აღნიშნული 3.2 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის შესაბამის მაჩვენებელს. გამოკითხულთა 60% ელოდება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაში.