შეავსე ფორმა
Logo

RIA

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ
ოთხშაბათი, 30 ივნისი, 2021

ILO-ის მიერ შემუშავებული დედობის დაცვის კონვენცია, 2000 (ნ. C183) ხელს უწყობს „სამუშაო ძალაში ყველა ქალის თანაბარ მონაწილეობას და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას“. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც საჭიროა ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების ადეკვატურად დასაცავად შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 38 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული, რომელთა რიცხვში საქართველო ჯერ არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს შრომის კოდექსმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა (მაგალითად, 2013 წელს გაიზარდა დედობის შვებულების კომპენსაციის ზღვარი, 2020 წელს კი შემოღებული იქნა მშობლის ანაზღაურებადი შვებულების კონცეფცია), დედობის დაცვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ასპექტებს არ დაეთმო სათანადო ყურადღება. შედეგად, საქართველოს უახლესი კანონმდებლობა (რომელიც 2020 წლის 29 სექტემბრამდე იყო ძალაში) რამდენიმე მიმართულებით ვერ აკმაყოფილებდა კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. დამატებით, ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველომ აიღო ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაახლოების ვალდებულება. ეს ვალდებულება მოიცავს შრომის სამართალს, ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებს და გენდერულ თანასწორობას, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას სამსახურში. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია პირდაპირ გადმოიტანოს ევროკავშირის კანონდმებლობა (ზოგიერთი ახალი დირექტივის შესრულების საბოლოო ვადაც არ არის განსაზღვრული), თუმცა ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის შრომისა და სოციალური დაცვის კანონმდებლობის პრინციპები.

შესაბამისად, პოლიტიკის არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, C183-ის რატიფიკაცია

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფისკალურად მდგრადი გზით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, მშრომელი დედების უფლებების ხელშეწყობისკენ, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და შრომის ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობების აღმოფხვრისკენ.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. მან უნდა განიხილოს არსებული პერსექტივები და ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.

შეავსე ფორმა