შეავსე ფორმა
Logo

RIA

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ
ოთხშაბათი, 09 მარტი, 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) – გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ – განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად პერსპექტივების შესასწავლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით. ამ ნაწილში წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის ორივე ნაწილის შეფასების მიზანია ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და კონვენციის რატიფიცირების პროცესში ჩართულ სხვა შესაბამის ეროვნულმინსტიტუტებს.

156-ე კონვენციის მიხედვით „საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის“ განმარტება ორგვარია და მოიცავს:

  1. პასუხისმგებლობას ერთი ან მეტი დამოკიდებული ბავშვის მიმართ
  2. პასუხისმგებლობას სხვა უახლოესი ოჯახის წევრების მიმართ

საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული და მისი კანონმდებლობა არ შეიცავს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრებას. თუმცა, ტერმინი ნაწილობრივ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. საოჯახო პასუხისმგებლობის ქონა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო ასაკის მქონე პირის მახასიათებლებზე შრომის ბაზარზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 156-ე კონვენცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საოჯახო პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორი დასაქმებულთათვის, რადგან ასეთი მოვალეობები, ჩვეულებრივ, კონფლიქტში შემოდის შრომის ბაზრის პასუხისმგებლობებთან, რაც პოტენციურად შრომის ბაზრის უარეს შედეგებს იწვევს (მაგ. დისკრიმინაცია დაქირავებისას, დაბალი ანაზღაურება, უმოქმედობის მაღალი რისკი და ა.შ.). საოჯახო პასუხისმგებლობებიც – მათ შორის მზრუნველობასთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი შრომა – არის შრომის ბაზარზე გენდერული სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი, ვინაიდან ოჯახური პასუხისმგებლობები არაპროპორციულად აწვებათ მხრებზე სამუშაო ასაკის ოჯახების ქალ წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, სამუშაო ასაკის მქონე ქალთა მნიშვნელოვნად ნაკლები წილი მონაწილეობს შრომის ბაზარზე, მამაკაცთან შედარებით (მამაკაცების 79 პროცენტი ქალების 53 პროცენტის წინააღმდეგ). უთანასწორობა კიდევ უფრო გამოხატულია რეპროდუქციული ასაკის მქონე მამაკაცებისა და ქალების შრომის ბაზარზე მონაწილეობის მაჩვენებლის განხილვისას (მამაკაცების 85 პროცენტი და ქალების 58 პროცენტის წინააღმდეგ). კონვენციის ძირითადი მიზნები მოიცავს როგორც თანასწორი შესაძლებლობების, ასევე შედეგების შექმნას, სამსახურებრივ და საოჯახო პასუხისმგებლობებს შორის კონფლიქტისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის თავიდან აცილებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 156-ე კონვენცია და მასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, 1981 (No. 165), ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა საჭიროებები საცხოვრებელი ზონების დაგეგმვისას და უნდა განავითარონ ან/და ხელი შეუწყონ ისეთ საჯარო თუ კერძო საზოგადოებრივ მომსახურებას, როგორიცაა ბავშვის მოვლისა და სხვა საოჯახო სერვისები.

შეავსე ფორმა