შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება
ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

შენიშვნა: რეფორმეტრის ფარგლებში ორჯერ ჩატარდა კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება: I ფაზა – 2023 წლის ივლისი, II ფაზა – 2024 წლის იანვარი.

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შესახებ

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებასთან. სტრატეგიის მიზანია კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. სტრატეგიის ხედვით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი 2028 წლისთვის რეგიონში მოწინავე კაპიტალის ბაზრად უნდა ჩამოყალიბდეს.

2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ძირითადი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. რეფორმის განხორციელების პროცესში ასევე ჩართულები არიან სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და სსიპ საპენსიო სააგენტო.

სტრატეგიის თანახმად, საქართველოში კაპიტალის ბაზრის მთავარ გამოწვევას მისი განვითარების დაბალი დონე წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ამჟამინდელი ზომა და კორპორატიული სექტორის ფინანსური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ზღუდავს კაპიტალის ბაზრის განვითარების პოტენციალს. დღეისათვის ბაზარზე მიწოდების მხრიდან ფინანსური ინსტრუმენტების ემისიების, ხოლო მოთხოვნის მხრიდან - ინვესტორთა ნაკლებობა ვლინდება.

ბოლო წლებში, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ზომები იქნა მიღებული. გრძელვადიანი ადგილობრივი კაპიტალის მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შემუშავდა საინვესტიციო ფონდების ახალი სამართლებრივი ჩარჩო, ასევე, დაინერგა სავალდებულო და ნებაყოფლობითი საპენსიო სქემები.

ზემოთ ხსენებული ინიციატივების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზარი გამოირჩევა პატარა და ნაკლებად დივერსიფიცირებული ადგილობრივი ინსტიტუციური ინვესტორთა ბაზით. ფინანსური რესურსების ეფექტურად მობილიზების მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევას ინვესტორების შეზღუდული მონაწილეობა წარმოადგენს. კომერციული ბანკების დომინირება იწვევს კონცენტრირებულ ინვესტორთა ბაზას, რაც ზღუდავს ბაზარზე არსებული ფინანსური ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას. ამრიგად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორების ჯგუფის გაფართოებას, დივერსიფიცირებასა და მათი ჩართულობის გაზრდას კაპიტალის ბაზარზე.

ინსტიტუციურ ინვესტორთა ბაზის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ საინვესტიციო ფონდების საკანონმდებლო ჩარჩოს მიღების შედეგების შეფასება რეფორმის პროგრესის მნიშვნელოვანი ასპექტია. გარდა ამისა, სამთავრობო კვლევის შედეგების გათვალისწინებით, გამოიკვეთა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი „ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღებაა.

შეავსე ფორმა