2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ „რძისა და რძის ნაწარმის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“. იგი განსაზღვრავს რძისა და რძის ნაწარმის განმარტებებს და მისი რეგულირების ობიექტს წარმოადგენს ნედლი რძე და ნედლი ნაღები, სასმელი რძე და სასმელი ნაღები, რძემჟავა პროდუქტი, კარაქი, ყველი და ყველის პროდუქტი, და რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი (რძის ნაწარმის გადამუშავებისას მიღებული თანმდევი პროდუქტი).
2017 წლის 1 ივლისიდან, რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც. რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 400 ლარის ოდენობით, თუ დარღვევა პირველად ხდება, 1 წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1200 ლარს.