კვლევითი დოკუმენტები
პარასკევი,
31
ოქტომბერი,
2025
პარასკევი,
31
ოქტომბერი,
2025
დიდი ხანია ითვლება, რომ ინოვაციებზე დაფუძნებული ზრდა მუდმივი და არათანაბარი პროცესია. შუმპეტერისეული ტრადიციის თანახმად – რომელსაც კარგად წარმოაჩენს აჟიონისა და ჰოუიტის კრეატიული დესტრუქციის მოდელი – ეკონომიკები ვითარდებიან, მაშინ, როდესაც ახალი, უფრო მაღალი ტექნოლოგიები ანაცვლებენ ძველს და პროდუქტიულობის ზღვარს აფართოვებენ. ზრდის ეს დინამიური ხედვა, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედროვე ენდოგენური ზრდის თეორიას, რომლის წვლილიც ნობელის პრემიებით აღინიშნა, აჩვენებს, რომ გრძელვადიანი კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მეტი რესურსების დაგროვებაზე, არამედ იდეების, როდუქტის და ორგანიზაციული პრაქტიკის მუდმივ განახლებაზე. ამ მექანიზმის ქვაკუთხედს კონკურენცია წარმოადგენს. მეტოქეობა აიძულებს კომპანიებს იყვნენ ინოვაციურები, რათა „თავი დააღწიონ კონკურენციას“, თუმცა იმავე ინოვაციურმა გარღვევებმა შეიძლება დროებითი საბაზრო ძალაუფლება მისცეს მოქმედ კომპანიებს, რომელთაც ის შეიძლება მომავალი კონკურენტებისგან თავის დასაცავად გამოიყენონ. დარჩება ეკონომიკა ინოვაციური და მოქნილი თუ გახდება ინერტული და გაქვავებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამ ძალთა ბალანსი დროთა განმავლობაში.
ამ კონცეპტუალური კონტექსტის ფონზე, საქართველოს ინდუსტრიული ლანდშაფტი მდიდარ საკვლევ გარემოს გვთავაზობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთი სექტორის პროდუქტიულობის ზღვარი გაფართოვდა, ზოგიერთისა კი – ჩამორჩა, რამაც ხშირ შემთხვევებში სექტორის ლიდერთა და მიმდევართა შორის მანძილი გაზარდა. თუკი ინოვაციური აქტივობები 2010-იან წლებში ფართო და ენერგიული იყო, პანდემიის პერიოდში მეტად შეზღუდული გახდა და პანდემიის დასრულების შემდეგ სურათი მხოლოდ ნაწილობრივ თუ აღდგა. ამასობაში ბაზრის კონცენტრაცია რიგ სექტორებში გამყარდა, რიგ სექტორებში, პირიქით – ფრაგმენტირდა. იმისთვის, რომ გავიგოთ, ეკონომიკის რომელი სექტორები გადის შუმპეტერისეულ განახლებას და რომლებს ემუქრება სტაგნაციის რისკი, საჭიროა, ამ ტენდენციებს მთლიანობაში შევხედოთ.
იმისთვის, რომ დინამიკა შევაფასოთ, ნაშრომში ვიყენებთ აღწერილობით მიდგომას, რომელიც ეფუძნება კომპანიების დონეზე არსებული სტანდარტის სამნიშნა კოდირების (NACE Rev. 2) მონაცემებს. თითოეული სექტორი-წლისთვის, პროდუქტიულობის ზღვარი განისაზღვრება როგორც შრომის პროდუქტიულობის 90-ე პროცენტილი, მედიანა წარმოადგენს განაწილების ბირთვს, ხოლო ზღვრამდე საშუალო ლოგარითმული მანძილი განსაზღვრავს, თუ რამდენად ჩამორჩება ტიპური კომპანია სექტორის ლიდერებს. ინოვაციური აქტივობა აღირიცხება ოთხ განზომილებაში. ეს განზომილებებია: პროდუქტი, პროცესი, ორგანიზაციული და მარკეტინგული ცვლილებები. აქტივობა იზომება კომპანიის გამოკითხვით შეწონილი წილებით „ნებისმიერი ინოვაციის“ ინდიკატორთან ერთად, რომელიც აჯამებს ექსპერიმენტის მასშტაბს. ბაზრის სტრუქტურა განისაზღვრება ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსით (HHI), რომელიც გამოითვლება კომპანიის ბრუნვის წილებიდან და სექტორის შრომის პროდუქტიულობა გამოისახება ბუშტით, რომლის ზომაც ასახავს სექტორებს შორის მაჩვენებლების ეკონომიკურ წონას (გრაფიკი 4).
მიზანია არა მიზეზშედეგობრივი კავშირების შეფასება, არამედ სტილიზებული ფაქტების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს პროდუქტიულობა, ინოვაცია და კონკურენცია საქართველოს ინდუსტრიებში. აჟიონ-ჰოუიტის პერსპექტივიდან, ზღვრის მოძრაობა ხაზს უსვამს, ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ პროგრესს; ცვლილება მედიანურ და ზღვართან დისტანციის საზომში განსაზღვრავს, მიმდინარეობს თუ არა ტექნოლოგიების/პრაქტიკების გავრცელება (დიფუზია) და ჩამორჩენილთა კონვერგენცია ლიდერებთან; ინოვაციების სიხშირე ასახავს კომპანიების ექსპერიმენტების მასშტაბებსა და სიღრმეს; ხოლო კონცენტრაცია გვეხმარება დავინახოთ, დინამიურ კონკურენციასთან გვაქვს საქმე, თუ მოქმედი კომპანიის არსებული პოზიციის გამყარებასთან.
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).