საქართველო ღვინის სამშობლოა – ქვეყანაში მეღვინეობის ტრადიცია 8000 წელს ითვლის. შესაბამისად, ქართულ მეღვინეობას უამრავი ტრადიცია უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია „რთველი“ – ყურძნის მოსავლის აღება, რომელიც სექტემბერში იწყება და მთელი შემოდგომა გრძელდება საზეიმო ღონისძიებების თანხლებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში წლიურად, საშუალოდ, 223,6 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება (ბოლო ათი წლის განმავლობაში), უდიდესი ნაწილი კი ღვინის დასაწურად გამოიყენება.
ღვინო საქართველოსთვის ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პროდუქტია. 2021 წელს ღვინის ექსპორტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მთლიანი საექსპორტო ღირებულების 21%-ს შეადგენდა (საქსტატი, 2022). 2012 წლიდან მოყოლებული ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა წლიურად, საშუალოდ, 21%-ით იზრდებოდა, ღირებულება კი – 22%-ით. ერთი ტონა ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი 3 ათასი აშშ დოლარიდან 3,9 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 2 ლიტრის ან ნაკლები მოცულობის კონტეინერებით ღვინის ექსპორტი, საშუალოდ, მთლიანი ექსპორტის 96%-ს შეადგენს.