ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში არის შეამციროს სიღარიბე სოფლად. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტს ახორციელებენ კონსორციუმში გაერთიანებული ორგანიზაციები: CARE, OXFAM, Mercy Corps, PIN და UNDP საქართველო. 2017 წლის პირველი იანვრისთვის, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსდა 260-ზე მეტი კოოპერატივი (დამატებით რამოდენიმეს დაფინანსება იგეგმება 2017 წელშიც). ENPARD-ი განმახორციელებელი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მხარს უჭერს კოოპერატივებს – გადასცემს მათ აქტივებს (ძირითადად, გრძელვადიან აქტივებს), ახორციელებს მათ ტექნიკურ დახმარებას ტრენინგებითა და ექსპერტული რჩევებით, ეხმარება კოოპერატივებს ნედლეულისა და მასალების ყიდვის და საბოლოო პროდუქტის გაყიდვისათვის საჭირო საბაზრო კავშირების დამყარებაში.