შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ECA-ს რეგიონში ფიზიკური პირებისა და ბიზნესისთვის საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთის შედარება და საქართველოში საბანკო და არასაბანკო სექტორების საკრედიტო ხარისხის შედარება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 24.04.2018 დასრულების თარიღი: 08.06.2018

ქვეყნების დონეზე ჩატარებული უნიკალური კვლევა ადარებს  საცალო საკრედიტო პროდუქტების ჯგუფის საპროცენტო განაკვეთებს საქართველოში და გარდამავალი ეკონომიკის შერჩეულ ქვეყნებში. შედეგების თანახმად, კრედიტის ღირებულება საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე დსთ-ის ქვეყნებში, რომელთაც ეს კვლევა მოიცავს (კერძოდ: ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთი) და უფრო მაღალია ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში (CEE) – ეს  განსაკუთრებით ეხება სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ამ ფაქტორებს შორის არის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედარებით მაღალი განაკვეთი და შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში. ორივე ფაქტორი ზრდის კომერციული ბანკებისთვის სახსრების ღირებულებას, რაც იწვევს საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ამ განსხვავებების გათვალისწინების შემდეგ, საქართველოში საცალო საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. კვლევაში შედარებულია სესხების ხარისხიც, რომელიც იზომება საქართველოში საბანკო და არასაბანკო სექტორებში სესხების რაოდენობის შედარებით. ანალიზის თანახმად, არასბანკო სექტორში სესხების ხარისხი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი და გაუარესებულია, ვიდრე საბანკო სექტორში, სადაც შენარჩუნებულია სესხების სტაბილური ხარისხი.

პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის  ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის საცალო საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შედარებით კვლევას ქვეყნების დონეზე. კვლევა მოიცავს სამხრეთ კავკასიისა და ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) ცამეტ განვითარებად ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, რუსეთს, უკრაინას, სერბეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ჩრ. მაკედონიასა და ალბანეთს.

კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, პროექტის გუნდმა შეაგროვა სტატისტიკური მონაცემები ხუთი საკრედიტო პროდუქტის საშუალო საპროცენტო განაკვეთის შესახებ ფიზიკური პირებისთვის (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში), ესენია: იპოთეკური სესხები ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, იპოთეკური სესხები მცურავი საპროცენტო განაკვეთით, სამომხმარებლო სესხები უზრუნველყოფით და უზრუნველყოფის გარეშე და საკრედიტო ბარათები.

მონაცემები შეგროვდა ოთხი წყაროს გამოყენებით: სატელეფონო და ელექტრონული (ჩათები და ელ. ფოსტა) კომუნიკაცია შერჩეული ბანკების წარმომადგენლებთან; შერჩეული ბანკების ოფიციალური ვებ-გვერდების სამაგიდო კვლევა (ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზები).

სხვადასხვა პროდუქტზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთების გარდა, კვლევაში ასევე წარმოდგენილია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაკორექტირებული საპროცენტო განაკვეთები. სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონე ასახავს სახსრების ღირებულებას, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების შედარებისას. როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ისე ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გამოყენება გამართლებულია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო ან სერბეთი, სადაც ვადიანი ანაბრები წარმოადგენს ბანკის დაფინანსების ძირითად წყაროს. ასევე, ეს კორექტირება რელევანტურია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ყაზახეთი და სომხეთი, სადაც ადგილობრივ ვალუტაში ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები აღემატება შესაბამისი ეროვნული ბანკების მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.

დონორები

შეავსე ფორმა