შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განცხადება
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2023

ვეხმაურებით საქართველოს ეროვნული ბანკში განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადად ინარჩუნებდა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, იზიარებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს, მაღალკვალიფიციურად უძღვებოდა ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფდა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების როლი ქვეყნის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციისათვის უმნიშვნელოვანესია.

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების განხორციელების წესში ცვლილებების შეტანამ საფრთხე შეუქმნა, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის გარეთ მის საერთაშორისო რეპუტაციას. პირველი, საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების განხორციელების წესში შეტანილმა ცვლილებამ გააჩინა კითხვები ბანკის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შესახებ პოლიტიკური გავლენებისაგან.  მეორე, ამან გამოიწვია ბანკის უმაღლესი რანგის პროფესიონალების, სამივე ვიცე-პრეზიდენტისა და მრჩევლის მიერ თანამდებობების დატოვება მიღებულ გადაწყვეტილებასთან უთანხმოების საფუძველზე. ამ უპრეცედენტო კრიზისმა შეარყია როგორც ბანკის შიდა პროფესიული რესურსები, ისე მისი რეპუტაცია. მესამე, მოცემულმა ცვლილებამ სანქციების ამოქმედების საკითხზე გავლენა  გაუფართოვა სასამართლო სექტორს, რომლის დამოუკიდებლობის და რეფორმირების აუცილებლობის საკითხი ქვეყანაში მწვავედ დგას და ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მეოთხე, მოცემული ცვლილების შედეგია კომერციული საბანკო სექტორის შეშფოთება და უარყოფითი გავლენა ლარის კურსზე.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი შეცვლის გადაწყვეტილებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესს, სასწრაფოდ გადაჭრის ბანკის შიდა პროფესიული რესურსების კრიზისის საკითხს და არ დაუშვებს თავისი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას.

შეავსე ფორმა