შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევით ინსტიტუტი ოზურგეთში მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა
ორშაბათი, 24 ივლისი, 2023

24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ. თავის მიმართვაში თამარ სულუხიამ ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე ისაუბრა. მან ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების ქვეყნების მაგალითზე დამსწრეებთან ერთად განიხილა, როგორ აისახება ევროგაერთიანების ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირება ახალი წევრების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიების მეორე ნაწილში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები, მექანიზმები და ინსტრუმენტები.

ISET-ის კვლევითი გუნდის წარმომადგენელმა, დავით კეშელავამ, ღონისძიების მონაწილეებს ISET-ის კვლევით ინსტიტუტის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი – გენდერული თანასწორობის ინდექსი გააცნო, რომელიც აფასებს, როგორია გენდერული თანასწორობისადმი პროგრესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომელთა შორისაცაა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ინდექსი ეფუძნება ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას, თუმცა ითვალისწინებს რეგიონულ კონტექსტსაც.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ლევან თევდორაძემ რეფორმეტრის კვლევითი გუნდიდან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმეტრის პლატფორმა – დაგეგმილი თუ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასების პლატფორმა, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. ლევანმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც რეფორმეტრის გუნდი აფასებს და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტებზე, ჩატარებულ კვლევებსა თუ რეგულარულ ინდექსებზეც.

შეავსე ფორმა