2 ივნისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას. სტრატეგია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე კაპიტალის სტიმულირებას და მობილიზებას ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისათვის.
რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე, სეკიურიტიზაციის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოსა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა, კერძოდ: გიორგი გურგენიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, და ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარადგინა გიორგი პაპავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და რეფორმეტრის მენეჯერმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტრატეგიის შემუშავებასა და განხორცილებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.