შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მოქმედ კვლევით ორგანიზაციებს შეხვდა
ოთხშაბათი, 10 მაისი, 2023

6-10 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება და პოლიტიკის კვლევისა და განვითარების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისგან სწავლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დირექტორი თამარ სულუხია, დირექტორის მოადგილე თეონა ხაინდრავა, წამყვანი ეკონომისტები სალომე გელაშვილი და გიორგი პაპავა, უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა, კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი სოფა გუჯაბიძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ლოლაძე.

ვიზიტის დროს პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა გავლენიან ინსტიტუტებთან, როგორებიცაა ბრიუგელი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი (CEPS) და ევროპული პოლიტიკის ცენტრი (EPC).

CEPS-თან შეხვედრისას, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს კარელ ლანუს, მკვლევარ თინათინ ახვლედიანს და წევრობის ოფიცერს ლორა ნიკოლასს. მათ განიხილეს სიღრმისეული კვლევის მნიშვნელობა, ფლაგმანი მოვლენების როლი და სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობა აქტუალური პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტაში.

დელეგაცია ასევე ეწვია ბრიუგელს, სადაც შეხვდა დირექტორს ჯერომინ ზეტელმეიერს, განვითარების ხელმძღვანელს სკარლეტ ვარგას, საგარეო ურთიერთობის, მმართველობისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელს ჯუზეპე პორკაროს. მათ შეისწავლეს ბრიუგელის კვლევის დღის წესრიგი, წევრობის სტრუქტურა, კრიზისზე რეაგირების წარმატებული სტრატეგიები და ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობა.

დელეგაციამ ნაყოფიერი შეხვედრა გამართა EPC-ის პარტნიორობისა და წევრებთან ურთიერთობის უფროსთან კერსტინ ბორნ-სირკელთან. ქალბატონმა ბორნ-სირკელმა დელეგაციის წევრებს გაუზიარა EPC-ის ოპერაციების მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის მისი წევრობის მოდელი, სერვისები, რომელთაც ორგანიზაცია წევრებს სთავაზობს, და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლობის პოტენციალი.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდა ნიკოლას ვერონს, ბრიუგელისა და პეტერსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და კორინა ჰორსტს, გუიდო გოლდმანის ლიდერთა პროგრამების ყოფილ დირექტორსა და გერმანული მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში მრავლისმომცემი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ახალი პერსპექტივებითა და სტრატეგიებით აღჭურვილი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახლა მზად არის, უფრო მრავალფეროვანი გახადოს კვლევისა და პოლიტიკის ინიციატივები და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გავლენა ამ სფეროში.

შეავსე ფორმა