21 ნოემბერს დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო Advantage Austria Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში. ფორუმზე დავითმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა და დეტალურად ისაუბრა: (1) საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდაზე, მასზე მოქმედ ფაქტორებსა და პროგნოზებზე; (2) ეკონომიკური ზრდის სექტორულ ჩაშლაზე; (3) რუსებისა და ბელორუსების საქართველოში გადმოსახლებაზე; (4) საერთაშორისო ვიზიტებისა და ფულადი გზავნილების სტატისტიკაზე; (5) შრომის ბაზარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე; (6) ინფლაციასა და მონეტარულ პოლიტიკაზე.
ღონისძიება გახსნა გერჰარდ ლაკნერმა, ავსტრიის სავაჭრო კომისარმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. შემდეგ ისაუბრეს ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა, კარლ ჰაინც კოპფმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიულმა კომპანიებმა, რომლებიც მუშაობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტუმბოები და აღჭურვილობა, ჰიდროელექტროენერგია, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები, ხარისხის უზრუნველყოფა, ბიომეთანისა და ბიოგაზის ქარხნების წარმოება, ბუნებრივი საფრთხეებისგან დაცვა და ფარმაცევტული სფერო.