შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ბიზნესის ფარული დანახარჯების გამოვლენა – პავან სუხდევის სემინარი
ხუთშაბათი, 25 მაისი, 2017

25 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI) უმასპინძლა ბატონ პავან სუხდევს, გარემოს დაცვის ეკონომისტსა და საკონსულტაციო კომპანია GIST Advisory-ის დამფუძნებელს. ბატონმა სუხდევმა კარიერა დაიწყო როგორც ფიზიკოსმა, რომელიც მოგვიანებით დაინტერესდა გარემოს დაცვის გამოწვევებით. შედეგად, დაიწყო ეკონომიკის შესწავლა, განსაკუთრებით აინტერესებდა, შეესწავლა ბიზნესის, როგორც ჩვენ ირგვლივ ცვლილებების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობა, აგრეთვე, მესამე მხარის გავლენა, რომელიც ეკონომიკაში გარეგანი ეფექტის სახელითაა ცნობილი. ბატონმა სუხდევმა განსაკუთრებით გამოჰყო კორპორატიული გარეგანი ეფექტები, როგორც „ყველაზე დიდი უფასო სადილი კაცობრიობის ისტორიაში“. გარეგანი ეფექტები, რომლებსაც ძირითადად კერძო სექტორი იწვევს, უზარმაზარ ზიანს აყენებს გარემოს. კომპანიები მოგებას საჯარო დანაკარგების ხარჯზე იღებენ, რაც მსოფლიო მშპ-ის 15-20% შეადგენს (10-15 ტრილიონი აშშ დოლარი). არასამთავრობო ორგანიზაციის Trucost-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2010 წელს ხუთი სექტორი (კერძოდ კი, ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი, სამრეწველო ლითონები და სამთო მრეწველობა, კვებისა და მშენებლობის ინდუსტრიები) არის პასუხისმგებელი გარემოს დაცვის ხარჯების 60%-ზე. თუმცა, როგორც ბატონმა სუხდევმა აღნიშნა, კერძო სექტორი მუშაობს მსოფლიო ჩარჩოს ფარგლებში და, შესაბამისად, საზოგადოებას შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და დაარეგულიროს მისი საქმიანობა.

სემინარის მეორე ნაწილში ბატონმა სუხდევმა დასვა კითხვა, თუ ვინ ზარალდება ყველაზე მეტად აღნიშნული გარეგანი ეფექტებით. მისივე მტკიცებით, ეკოლოგიური რესურსების არასწორი გამოყენება ყველაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს მცირე შინამეურნეობებზე, რადგან ისინი სწორედ ამ რესურსებზე არიან დამოკიდებული.

ბატონი სუხდევის აზრით, იმისთვის, რომ მოხდეს გარემოს დაცვის ეკონომიკური წვლილის გათვალისწინება, უნდა მოხდეს მშპ-ის საზომის რეგულირება. სუხდევისა და მისი თანაავტორის, გუნდიმეტას თქმით, მაგალითად, ინდოეთის ეკოსისტემის წვლილი მშპ-ში 53%, მაშინ, როდესაც ინდონეზიის წილი 25%-ია, ბრაზილიის კი – 11%.

ბატონმა სუხდევმა სემინარი დაასრულა ბენჯამინ ფრანკლინის გამონათქვამით: „მჯერა, რომ კაცობრიობის სიღარიბეს, მეტწილად, რესურსების ღირებულებების არასწორად შეფასება განაპირობებს“.

შეავსე ფორმა