2023 წლის ივლისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,541 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 18%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის ივლისში სრული წარმოება 1,308 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+8%), ქარის ელექტროსადგურების (+8%) და თბოელექტროსადგურების (+45-ჯერ) გამომუშავების ზრდამ განაპირობა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 13%-ით გაიზარდა (2023 წლის ივნისში სრული წარმოება 1,369 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+3%), ქარის ელექტროსადგურების (+59%) და თბოელექტროსადგურების (+73-ჯერ) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,102 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (4%-ით ნაკლები 2022 წლის ივლისთან შედარებით და 12%-ით მეტი 2023 წლის ივნისთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2023 წლის ივლისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 440 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 29%-სა და სრული მოხმარების 40%-ს შეადგენდა (2022 წლის ივლისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 161 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების 12%, ხოლო სრული მოხმარების დაახლოებით 14%-ს გაუტოლდა).