2023 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,369 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 8%-იან კლებას წარმოადგენს (2022 წლის ივნისში სრული წარმოება 1,485 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-8%), ქარის ელექტროსადგურების (-9%) და თბოელექტროსადგურების (-46%) გამომუშავების კლებამ განაპირობა.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა (2023 წლის მაისში სრული წარმოება 1,325 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+3%) და თბოელექტროსადგურების (+104%) გამომუშავების ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების (-30%) გამომუშავება შემცირდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 981 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (9%-ით ნაკლები 2022 წლის ივნისთან შედარებით და 5%-ით ნაკლები 2023 წლის მაისთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2023 წლის ივნისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 387 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 28%-სა და სრული მოხმარების 39%-ს შეადგენდა (2022 წლის ივნისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 403 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების 27%, ხოლო სრული მოხმარების დაახლოებით 37%-ს გაუტოლდა).