შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2023 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
27 მარტი 2023

2023 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 987 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის თებერვალში სრული წარმოება 890 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+45%) და ქარის ელექტროსადგურების (+7%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურების (-23%)  გამომუშავება შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 11%-ით შემცირდა (2023 წლის იანვარში სრული წარმოება 1,111 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება ჰიდროელექტროსადგურების (-9%), ქარის ელექტროსადგურებისა (-28%) და თბოელექტროსადგურების (-12%) გამომუშავების კლებამ გამოიწვია. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,128 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (6%-ით ნაკლები 2022 წლის თებერვალთან შედარებით და 12%-ით ნაკლები 2023 წლის იანვართან შედარებით). 2023 წლის თებერვალში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 141 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 14%-სა და სრული მოხმარების 12%-ს შეადგენდა (2022 წლის თებერვალში წარმოებასა და მოხმარებას შორის დეფიციტმა 311 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 35%-ს და სრული მოხმარების 26%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა