2022 წლის ივნისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,485 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 12%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის ივნისში სრული წარმოება 1,323 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+12%) და თბოელექტროსადგურების (+81%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-23%).
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 2%-ით გაიზარდა (2022 წლის მაისში სრული წარმოება 1,461 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+2%) ზრდამ გამოიწვია. ქარის ელექტროსადგურის წარმოება კი, შემცირდა (-28%). 2022 წლის მაისში თბოელექტროსადგურებს ელექტროენერგია არ გამოუმუშავებიათ.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,082 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (1%-ით ნაკლები 2021 წლის ივნისთან შედარებით და, 6%-ით ნაკლები 2022 წლის მაისთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის ივნისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 403 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 27%-ს შეადგენდა (2021 წლის ივნისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 233 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 18%-ს გაუტოლდა).