2022 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 13.3 პუნქტით შემცირდა და 17.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება დაფიქსირდა მომსახურების (-25.8), მრეწველობისა (-20.8) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-16.1) სექტორებში. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით 15.6 პუნქტით შემცირდა და 2022 წლის I კვარტლისთვის 17.3-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურებისა (-46.7) და მრეწველობის (-41.6) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, კვლავ შემცირდა და 23.2 პუნქტი შეადგინა. 2022 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების კლება დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებისა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირდა 13.4-ით და 30.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე შემცირდა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ყველა სექტორშია შემცირებული გარდა მომსახურების სექტორისა.