შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: სრული სვლით ეკონომიკური აღდგენისკენ
07 ივლისი 2021

2021 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 34.7 პუნქტით გაიზარდა და 36.4-ს გაუტოლდა, წინა კვარტალში მცირედი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორები. BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის III კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2021 წლის II კვარტალთან შედარებით 50.7 პუნქტით გაიზარდა და 2021 წლის III კვარტლისთვის 46.6-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2021 წლის II კვარტლის გაუარესების შემდეგ გაუმჯობესდა და 45.2 პუნქტი შეადგინა. 2021 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების ზრდა დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა საფინანსო სექტორისა, სადაც ის იმავე დონეზე დარჩა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი გაიზარდა 1.2-ით და 18.4 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ბიზნესების მცირედით გაზრდილი წილი ვარაუდობს ფასების გაზრდას საკუთარ პროდუქტზე. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსის ზრდა მრეწველობის სექტორში აღნიშნული მაჩვენებლის საგრძნობი ზრდითაა გამოწვეული.

შეავსე ფორმა