შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის განწყობა უბრუნდება რეალობას
09 აგვისტო 2017

ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2017 წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 27.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2 პუნქტით დაბალია. მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად მოლოდინების ინდექსების მნიშვნელოვანმა ვარდნამ განაპირობა, რაც წინა კვარტალის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას კერძო სექტორის განწყობის რეალობასთან თანხვედრით და არა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით.

მეორე კვარტალში შესამჩნევი ზრდის შემდეგ (12.3 პუნქტით გაუმჯობესება), მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, მესამე კვარტალში (11.2 პუნქტით) გაიზარდა. სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე დადებითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა.

ბიზნესის ოპტიმიზმი მეორე კვარტალთან შედარებით 18,8 ერთეულით დაეცა, თუმცა 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მაღალი დონე შეინარჩუნა. მრეწველობისა და ვაჭრობის დარგების მცირე და საშუალო ფირმების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის შემცირებაში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ზღვრულად შემცირდა. მომსახურების დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ შემცირებას მოელიან, ამავდროულად ფასების ყველაზე მაღალი ზრდა პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგში. საერთო ჯამში, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო თვეებში არ არის მოსალოდნელი.

მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შედარებით, დიდი ზომის ბიზნესების მოლოდინების ინდექსი უფრო მეტად შემცირდა, მაგრამ მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მაჩვენებელი შედარებით მეტად გაიზარდა, რაც საბოლოოდ ზრდის მცირე და საშუალო ზომისა და დიდი ზომის ბიზნესების განწყობის ინდექსებს შორის განსხვავებას.

მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.

შეავსე ფორმა