შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: აწარმოე საქართველოში!
08 მაისი 2018

ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც 8.3 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ეხმიანება ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა). ბიზნესის განწყობის ინდექსის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც მაღალი მოლოდინებით, ისე გასული სამი თვის განმავლობაში წარმატებული საქმიანობით. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესება ფიქსირდება თითქმის ყველა სექტორში. მრეწველობის სექტორმა ყველაზე დადებითად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე პესიმისტურად არის განწობილი, რაც აღნიშნული დარგის სეზონურობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის მეორე კვარტალში 6.5 პუნქტით არის გაზრდილი.

ბიზნესის ოპტიმიზმი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რომელმაც თავის ისტორიულ მაქსიმუმს 67.0 დონეზე მიაღწია. მრეწველობის სექტორთან ერთად, საცალო ვაჭრობამ და საფინანსო სექტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის გაზრდილ ოპტიმიზმში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით გაზრდილია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში ფასების ზრდას მოელის, რაც მშენებლობის სექტორში დამატებით რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ხასიათდება შედარებით მცირე ოპტიმიზმითა და სუსტი მიმდინარე მდგომარეობით. შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის 4.5 პუნქტით შემცირდა.

ბიზნესის ზომის მიუხედავად, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.

შეავსე ფორმა