შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: სოფლის მეურნეობას ნაყოფიერი ზაფხული დაუდგა
10 სექტემბერი 2018

ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2018 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 35.4 პუნქტამდე შემცირდა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში. სხვა სექტორებთან შედარებით მრეწველობის სექტორმა ყველაზე პესიმისტურად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები. მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწობილი, რაც აღნიშნულ დარგში გაზრდილი მოსავლით არის განპირობებული.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის მესამე კვარტალში 3.4 პუნქტით არის შემცირებული.

ბიზნესის ოპტიმიზმი მცირედით შემცირებულია და 64.2 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საცალო ვაჭრობამ და საფინანსო სექტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მომსახურების და მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში კვლავ ფასების ზრდას მოელის.

მოლოდინები და მიმდინარე საქმიანობა გაუარესებულია როგორც დიდი ზომის, ისე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის შემთხვევაში.

დიდი ზომის ბიზნესებისათვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სივრცე და აღჭურვილობა რჩება. ხოლო მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უმეტესობა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს.

შეავსე ფორმა