შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: სადღესასწაულო სეზონისთვის ოპტიმისტურად განწყობილი ვაჭრობის სექტორი
16 დეკემბერი 2019

2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 18.5 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 10.2 პუნქტით მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელზე. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა გამოწვეულია როგორც მიმდინარე საქმიანობის შეფასების ზრდით, ისე მოლოდინების გაუმჯობესებით. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთადერთი სექტორი, სადაც ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირებულია.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2019 წლის მეოთხე კვარტალში 27.4 პუნქტით არის გაზრდილი.

წინა კვარტალში მოლოდინების მნიშვნელოვანი გაუარესების შემდეგ ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი გაზრდილია და 31.3 პუნქტს შეადგენს.

საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებთან ერთად, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნეს სექტორის ოპტიმიზმის ზრდაში. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა მოლოდინების შემცირება.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ზომიერად შემცირებულია. მოსალოდნელი ფასები მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორებში წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია, მაშინ როცა სხვა სექტორებში უფრო მაღალფასებს ელიან.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი გაუმჯობესებულია როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. მოლოდინები ზომიერად გაუარესდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის და გაუმჯობესდა დიდი ზომის კომპანიებისთვის.

საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორები დიდი ზომის ბიზნესებისთვის სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომაა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად ბიზნესის შემზღუდველი ფაქტორი მოთხოვნის სიმცირეა.

შეავსე ფორმა