შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესები კარანტინში
21 აპრილი 2020

2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის II კვარტალში 55.5 პუნქტით შემცირდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში დაფიქსირდა.

2019 წლის III კვარტალში მკვეთრი ჩავარდნიდან გაუმჯობესების შემდეგ, ბიზნესის მოლოდინების ინდექსმა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, ყველაზე დიდი გაუარესება აჩვენა და ისტორიულ მინიმუმს -41.4 პუნქტს მიაღწია. 2020 წლის II კვარტალში მოლოდინების გაუარესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ყველაზე ნაკლებად შემცირდა, თუმცა მანაც ისტროულ მინიმუმს (-5.3) მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის I კვარტალში ბიზნესების უფრო დიდი წილი ელოდება ფასების შემცირებას. ფასების ზრდას მხოლოდ მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორში ელოდებიან.

თუ ინდექსებს საწარმოთა ზომის მიხედვით ჩავშლით, შევნიშნავთ, რომ ბიზნეს განწყობის, მიმდინარე მდგომარეობისა, ბიზნესის მოლოდინების და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსები შემცირდა როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.

ბიზნეს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმები, კვლავ მოთხოვნის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ. 2020 წლის II კვარტალში დამატებითი შეზღუდვათ "სხვა" ფაქტორებიც გამოვლინდა, რაც შეიძლება COVID-19-ის პირობებში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებზე მიუთითებდეს.

შეავსე ფორმა