2014 წლისა და 2015 წლის პირველი კვარტლის სტაბილურად ოპტიმისტური განწყობის შემდეგ, საქართველოს ბიზნესის ნდობა გაუარესდა.
ბიზნესის ნდობის ინდექსმა 2015 წლის მეორე კვარტალში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და [-100, 100] სკალაზე 3,6 შეადგინა. ეს, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ინდექსის მაჩვენებელი 24,5 იყო, მნიშვნელოვანი გაუარესებაა.
ბიზნესის განწყობა შემცირდა ყველა ჭრილში. გაუარესებული განწყობა ვლინდება ყველა ეკონომიკურ სექტორსა და ბიზნესის ზომით კატეგორიაში; გავლენას ახდენს როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე სამომავლო მოლოდინებზეც.
ბიზნესის ნდობის კლების ტენდენცია უკავშირდება ლარის გაუფასურებას, რამაც მომხმარებელთა ნდობის გაუარესება და ბიზნესის დანახარჯების ზრდა გამოიწვია.
ბიზნესის ნდობის შემცირება გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სფეროზე, მაგრამ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო შედეგი არის პირდაპირი დარტყმა ფინანსური სექტორის ნდობის მაჩვენებელზე. აღნიშნულ სექტორში დაფიქსირდა ყველაზე მკვეთრი შემცირება წინა კვარტალთან შედარებით. მაჩვენებელი 50,9-დან (2015 წლის პირველი კვარტალი) 0,1 პუნქტამდე დაეცა. ასეთი მკვეთრი გაუარესება, სულ ცოტა, ადგილობრივი ვალუტის 30%-იანი გაუფასურებით აიხსნება, რომელსაც მოჰყვა პოლიტიკური დაპირისპირება სავალუტო ბაზარზე ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით.