შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ზამთარი მოახლოვდა!
13 ნოემბერი 2018

2018 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 29.9 პუნქტამდე შემცირდა, რაც 5.5 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის მრავალ სექტორში. სხვა სექტორებთან შედარებით, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე პესიმისტურად შეაფასეს როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები. აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2018 წლის მეოთხე კვარტალში 10.2 პუნქტით არის შემცირებული.

ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და 50.1 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მომსახურების და საცალო ვაჭრობის სექტორი მომდევნო კვარტალში კვლავ ფასების ზრდას მოელის.

მოლოდინები და მიმდინარე საქმიანობა გაუარესებულია დიდი ზომის კომპანიებისთვის, ხოლო გაზრდილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.

დიდი ზომის კომპანიებისათვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სამუშაო ძალა რჩება, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების უმეტესობა კი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს.

შეავსე ფორმა