2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 19.2 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) 593.1 მლნ.ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 3.1%-ს) მიიღებს. სამინისტრო, მისთვის გამოყოფილი თანხიდან 14.5 მლნ. ლარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე (MEPA-ს მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) დახარჯავს, 507.7 მლნ. ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 85.6%) – სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 85.4 მლნ. ლარს (12.0%) კი – გარემოს დაცვაზე.
2021 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით 5.6%-ით შემცირდება. მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს სურსათის ეროვნული სააგენტო (NFA) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (ე.წ. მიწის სააგენტო), მათი ბიუჯეტები გაიზრდება, შესაბამისად, 103.5%-ით და 47.4%-ით. მცირედით, 1.5%-ით გაიზრდება საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტიც. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით ხარჯებს გამოყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ პროგრამაზეც (43.8%-ით მეტს, ვიდრე 2021 წელს), ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტოს (NWA) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (SRCA) ბიუჯეტები მცირდება, შესაბამისად, 44.5%-ით და 8.1%-ით. სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) დაფინანსება კი წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახსრების გადანაწილება ოდნავ შეიცვალა, წინა წლების მსგავსად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ბიუჯეტის უდიდესი წილი სოფლის განვითარების სააგენტოზე (RDA) (51.5%), საქართველოს მელიორაციასა (GA) (18.1%) და ღვინის ეროვნულ სააგენტოზე (NWA) (16.7%) დაიხარჯება. სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) გააგრძელებს 20-მდე პროგრამის დაფინანსებას, რომელთა შორის იქნება „შეღავათიანი აგროკრედიტი“, ყველაზე მაღალი ბიუჯეტით – 121 მლნ. ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 46%). 40 მლნ. (15%) დაიხარჯება პროგრამაზე „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თანადაფინანსების“, 27 მლნ. (10%) კი – პროგრამაზე „დანერგე მომავალი“.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტებსაც, ესენია:
- ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
- ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება;
- მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო მიწების პრივატიზებისა და მიწის სისტემატური რეგისტრაციის გზით.