შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი, 2021 | აგრო მიმოხილვა
04 ოქტომბერი 2021

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ახლახან გამოაქვეყნა 2021 წლის II კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე  პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოშვება შემცირდა 2.3%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წილმა ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8% შეადგინა.

სექტორის დამაიმედებლად არც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) გამოიყურება. 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, FDI სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად, 73%-ით შემცირდა. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით FDI სოფლის მეურნეობაში შედარებით დაბალი იყო და მთლიანი FDI-ის 0.6% შეადგინა.

2021 რთული წელი იყო ყურძნის მწარმოებლებისთვისაც. 26 აგვისტოს სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონის თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. „რთველი 2021“-ის ფარგლებში, დაზიანებული რქაწითელი რთველის საკოორდინაციო შტაბში 0.8 ლარად ჩაიბარეს, დაზიანებული საფერავი კი – 1 ლარად. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ის ფერმერები, ვისი მოსავალიც სრულად განადგურდა, ვენახების აღსადგენად ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ 3000 ლარის ოდენობით. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ დაასუბსიდირებს 2021 წლის ყურძნის მოსავალს, რათა ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმაროს. ჯამში რქაწითელის და კახური მწვანეს ერთ კილოგრამზე 0.9 ლარიდან 0.35 ლარი სუბსიდირებული იქნება.

1-ლი ოქტომბრისთვის, დაახლოებით 203.7 ათასი ტონა ყურძენი გაიყიდა და ფერმერების შემოსავალმა 237.8 მლნ. ლარი შეადგინა. ვინაიდან რთველი ჯერ არ დასრულებულა, ყურძნის გაყიდვებისა და ფერმერების მთლიანი შემოსავლის შესახებ საბოლოო სტატისტიკა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

2021 წლის ივნის-აგვისტოში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებიც გაიზარდა, რომელიც სურსათის ფასების ინდექსით (FPI) იზომება. 2021 წლის აგვისტოში სურსათის ფასები 2021 წლის ივლისთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა; ხოლო ივნისსა და ივლისში თვიურ ჭრილში ფასების ცვლილებამ შესაბამისად, 0.2% და 3.2% შეადგინა.

შეავსე ფორმა