საკვები პროდუქტების ფასები კვლავ აგრძელებს ბოლოდროინდელ დინამიკას. საკვები პროდუქტების საცალო ფასების ინდექსი წინა თვესთან (2017 წლის იანვართან) შედარებით 2.6%-ით შემცირდა, წინა წელთან (2016 წლის თებერვალთან) შედარებით კი 4.9%-ით გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაწვნის (-10.4%), ჩაისა (-6.2%) და სტაფილოს (-6.2%) ფასი დაეცა, თუმცა, სანაცვლოდ, კომბოსტოს (+25.0%), მწვანილისა (+16.1%) და ბადრიჯნის (+14.9%) ფასები გაიზარდა.
ნივრის ამბავი საინტერესო ჩანს
ბოსტნეულის გაზრდილი ფასები სულაც არ არის მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ სეზონს. თუმცა ნივრის ფასი გამუდმებით იზრდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ფასების ზრდა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და, 2015 წელთან შედარებით, ბევრად მაღალია (განსხვავება 65%-ია). წინა წელთან შედარებით, ასეთი დიდი სხვაობა აჩვენებს, რომ ფასების ზრდას, სეზონურობის გარდა, სხვა ფაქტორებიც განაპირობებს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში იმპორტირებული ნივრის ღირებულება 63%-ით, რაოდენობა კი 65%-ით დაეცა. შედეგად, 2016 წელს საქართველომ იმის ნახევარი ნიორიც კი არ შემოიტანა, რაც 2015 წელს. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორებს, საქართველოს ნიორი, ძირითადად, თურქეთიდან, სომხეთიდან და ჩინეთიდან შემოაქვს. ეს უკანასკნელი ლიდერია, როგორც საქართველოში იმპორტის, ისე მსოფლიოში ნივრის წარმოების თვალსაზრისით. 2015 წელს საქართველოში ჯამურად შემოტანილი ნივრის 50% ჩინეთიდან შემოვიდა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ დაეცა და 47% შეადგინა, რაც მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
იმპორტის ღირებულებისა და მოცულობის მკვეთრი ვარდნა შეიძლება აიხსნას ნივრის მსოფლიო ბაზარზე დაკვირვებით. 2015 წლის ცუდმა ამინდებმა (წვიმამ და თოვლმა) ჩინეთში განაპირობა ცუდი მოსავალი 2016 წელს, რამაც გამოიწვია სპეკულაციები ნივრის ბაზარზე და გაზარდა მისი საერთაშორისო ფასები. გაზრდილმა მსოფლიო ფასებმა, თავის მხრივ, აიძულა ქართველი იმპორტიორები, შეემცირებინათ იმპორტი და, შედეგად, ნიორი საქართველოშიც გაძვირდა.
ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელობას, როგორც მომხმარებლების, ისე მწარმოებელთათვის. შიდა წარმოების ზრდა დაიცავს ქართველ მომხმარებელს პროდუქტის დეფიციტისა და გაზრდილი ფასებისგან, მწარმოებლებს კი მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებაზე გადასვლა დამატებით შემოსავალს მოუტანს.