შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი 2018 | აგრო მიმოხილვა
26 ივნისი 2018

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2.1%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით, მემცენარეობაში 0.4%-იანი, მეცხოველეობაში კი 3.8%-იანი კლება ფიქსირდება. წარმოების დონის შემცირება აისახა თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტებზე, რომელთა უმეტესობაც ასევე შემცირებულია.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 2017 წელს შემცირებულია 2014-2016 წლების მონაცემებთან შეადრებით, როგორც პროცენტული, ისე აბსოლუტური მნიშვნელობით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წარმოების დონის შემცირებამ გამოიწვია გაყიდვების შემცირებაც.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე შემცირებულია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომერციალიზაციის დონე სექტორში იზრდება. ეს ტრენდი განსაკუთრებით აქტუალურია მეცხოველეობაში, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საწარმოების წილი 21%-დან 27%-მდე გაიზარდა. მემცენარეობაშიც 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა საწარმოების წილი, თუმცა სტაბილური ტრენდი აქ არ შეინიშნება.

რაც შეეხება ფასებს, 2018 წლის მაისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები წინა თვესთან შედარებით, 0.7%-ით შემცირდა , წინა წლის მაისთან შედარებით კი პირიქით, 1.8%-ით გაიზარდა.

2018 წლის მაისში ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 4.6%-ით გაიზარდა, წინა წლის მაისის თვესთან შედარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარაქის ფასის ზრდა. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილებებით.

რაც შეეხება ევროკავშირთან და დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობას, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირში 5%-ით გაიზარდა, თუმცა 2017 წელს დაფიქსირდა 38%-იანი კლება, რაც გამოწვეულია თხილის ექსპორტის შემცირებით. დსთ-ის წევრ ქვეყნებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში მზარდი იყო. რაც შეეხება იმპორტს, განსხვავებით ექსპორტისგან, როგორც ევროკავშირთან, ისე დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობისას, ბოლო წლების განმავლობაში იმპორტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

შეავსე ფორმა