2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსმენებს გადის პარლამენტში და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიარდი ლარი იქნება. აქედან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე მოდის 332 მილიონი ლარი (მთელი ბიუჯეტის 2.4%), უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი სახელმწიფო დაახლოებით 285 მილიონ ლარს დახარჯავს, დანარჩენი 47 მლნ. ლარი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება.
2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 22%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა, რომელთა ბიუჯეტებიც წინა წელთან შედარებით მცირდება.
როგორც წინა წლებში, 2019 წელსაც უმსხვილესი მიმართულებებია ერთიანი აგროპროექტი და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია. აღსანიშნავია, რომ ერთიანი აგროპროექტი (APMA) მომავალ წელს 10 სხვადასხვა პროექტს განახორციელებს, რომელთაგან ოთხი ახალი პროექტია. ესენია: ფერმერთა/ფერმათა რეგისტრაცია, იმერეთის აგროზონა, აიღე მოსავალი და ტექნიკური დახმარებისა და მარკეტინგის პროექტი. „იმერეთის აგროზონა“ გულისხმობს იმერეთში სასათბურე კლასტერის შექმნას, ხოლო „აიღე მოსავალი“ ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაში დაეხმარებას.
შენიშვნა: დიაგრამაზე დატანილია გადამუშავებული ბიუჯეტის მეორე ვარიანტის მონაცემები, რომელიც მოსმენაზე გაგზავნილია საქართველოს პარლამენტში; სოფლის მეურნეობის მიმართულებების წილი სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტიდან გამოყოფილია ავტორების მიერ.