შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა
25 დეკემბერი 2018

2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“. 2017 წლის 1-ლი ივლისიდან რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც. რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. ტექნიკური რეგლამენტის მიღება უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი აღსრულება საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით რთულია ყველის წარმოებაში რძის ფხვინილის გამოყენების კონტროლი, ვინაიდან ყველიც და რძეც, ძირითადად, არარეგისტრირებული საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება.

აღსანიშნავია, რომ ყველის საწარმოებლად რძის ფხვილს იყენებენ არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობები, არამედ ბიზნესოპერატორებიც, რაც განპირობებულია წარმოების დანახარჯების შემცირების სურვილითა და იმ ფაქტით, რომ საქართველოში ხარისხიანი და უვნებელი ნედლი რძის დეფიციტია.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში რძის წარმოება მცირდება, ხოლო რძის ფხვნილის იმპორტი იზრდება. 2017 წელს საქართველომ რძის ფხვნილის იმპორტი 19 ქვეყნიდან განახორციელა და იმპორტირებული რძის ფხვნილის 24% უკრაინაზე მოდიოდა. მცენარეული ცხიმებისა და ზეთების იმპორტიც იზრდება და 2017 წელს აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ბაზარს (იმპორტის 62% მასზე მოდიოდა) წარმოადგენდა.

ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებასთან დაკავშირებული მთავარი სირთულეებია: ფიზიკური პირების შემთხვევაში, რძისა და რძის ნაწარმის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე კონტროლის არარსებობა; იურიდიული პირების შემთხვევაში, რძისა და რძის ნაწარმის დისტრიბუციის ეტაპებზე კონტროლის ნაკლებობა; მომხმარებლის დაბალი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს მას რეგლამეტის აღსრულების პროცესში.

შეავსე ფორმა