2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგრო პროდუქციის იმპორტიც გაიზარდა და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი - 394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით (181 მლნ. აშშ დოლარით), მაშინ როდესაც იმპორტი მხოლოდ 15.5%-ის გაიზარდა (179 მლნ. აშშ დოლარით). დამატებით 181 მლნ. აშშ დოლარში, მხოლოდ 26 მლნ. აშშ დოლარი მოდიოდა ღვინის ექსპორტზე, ხოლო უდიდესი ნაწილი კი - თამბაქოსა და სიგარეტის რე-ექსპორტზე. თამბაქოსა და სიგარეტის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა გასულ წელს და საქართველოს აგრო-სასურსათო პროდუქტებში ღვინის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა (160 მლნ. აშშ დოლარით).
რაც შეეხება საქართველოს აგრო პროდუქტების სხვა მოწინავე კატეგორიებს, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, ბუნებრივი და მინერალური წყლების, ცხვრის ხორცის, ციტრუსისა და ატმის ექსპორტში, ხოლო თხილისა და ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტში ვარდნა ფიქსირდება.
რაც შეეხება ფასებს, წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით - 1.7%-ით. წლის ჭრილში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: ხილი და ყურძენი (-17.5%), თევზეული (+11.1%) და პური და პურპროდუქტები (+8.8%). საერთაშორისო ფასები კი სურსათის ფასების ინდექსის თანახმად, შემცირდა 3.5%-ით.