საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი ისეთივეა, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8.0% იყო.
ქვეყნის მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წელს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 6.4% იყო (CIA-ს შეფასება). ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში და 1%-დან 3%-მდე მერყეობს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისათვის ამ მაჩვენებლის შემცირება არ იქნებოდა საზიანო, რომ არა ერთი ფაქტი - საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 26% იყო, თუმცა განვითარებულ (OECD-ის) ქვეყნებში იგი 5%-ს არ სცდება.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებლით (40%-ის ფარგლებში), საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვშია, როგორიცაა გაბონი, განა, ჰაიტი, ინდოეთი, კენია, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვ. თუ მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებში ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევხედავთ, ყველა მათგანს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საქართველოს: აზერბაიჯანი - 37%, სომხეთი - 33%, თურქეთი - 19%, რუსეთი - 7%.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერთა უმრავლესობა მიეკუთვნება ე.წ. „შემთხვევით ფერმერებს“ და არა „მოწოდებით ფერმერებს“, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს იწვევს ისიც, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამასთანავე, „შემთხვევითი ფერმერების“ უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ცოდნისა და უნარების მხრივ. ამდენად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და მშპ-ში ამ სექტორის შემცირებული წილი იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა პროფესიული განათლების გაძლიერება და სტრუქტურული ცვლილებები სექტორში.