10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 4%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (SRCA), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა (ARDA) და საქართველოს მელიორაციის მიმართულებით, მცირედით იკლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA), სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტები.
მოუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის გადანაწილება მცირედით შეიცვალა, როგორც წინა წლებში, 2020 წელსაც უმსხილესი მიმართულებებია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო – ARDA (143 მილიონი ლარი), საქართველოს მელიორაცია (76 მილიონი ლარი) და სურსათის ეროვნული სააგენტო – NFA (41 მილიონი ლარი). სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA) გააგრძელებს დაახლოებით 10 სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას, რომელთა შორის უმსხვილესია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 74 მილიონი ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შეუერთდა.
ასევე, სამინისტრო 2.4 მილიონ ლარს გამოყოფს მიწის მართვის ეროვნული სააგენტოს დასაფუძნებლად. კერძოდ, ეს იქნება მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, სადაც 70 ადამიანი დასაქმდება, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მიწის ბალანსის შედგენის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე.