ინდექსები

იანვრის თვეში საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა: ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავება და შემდგომი შიმშილობა, გიორგი გახარიაზე თავდასხმა, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ქართული ოცნების გასვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და წინა წლებთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. დაძაბულობა გამწვავდა იანვრის დასაწყისში მიმდინარე დემონსტრაციებისა და აქტივისტების დაკავების ფონზე, განსაკუთრებით კი 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაცია 18 იანვრის პერიოდში მცირედით შემცირდა, დაძაბულობა კვლავ გამძაფრდა 20 იანვრის შემდეგ, რაც დაემთხვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.
ინტერაქტიული გრაფიკი: იანვარში პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალ დონეზეა
მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი - 2020-2025 (2025 წლის იანვრის მდგომარეობით)
პოლარიზაცია მერყეობდა მთელი თვის განმავლობაში. თვე მაღალი პოლიტიკური დაძაბულობით დაიწყო, თუმცა შემდგომ ვითარება დროებით ჩაწყნარდა. პოლარიზაციის დონე თანდათან გაიზარდა ფონდების დაყადაღების შემდეგ და პიკს მიაღწია "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომების პერიოდში.
მედიის პოლარიზაციის ინდექსი თებერვალში კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩა, რაც განპირობებული იყო დემონსტრაციების შეზღუდვისკენ მიმართული დრაკონული კანონების, მედიის კონტროლის სადავო რეგულაციებითა და FARA-ს მსგავსი კანონის შემოღებით. პოლარიზაციის გაძლიერებას ხელი შეუწყო ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ, გურიის დიდთოვლობამ და ტრამპის საგარეო პოლიტიკამაც.
ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლარიზაციის დონე სწრაფი ტემპით გაიზარდა და ბოლო პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც დეკემბრის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ტრადიციულად, წლის ბოლოს პოლარიზაციის ინდექსი იკლებს, რადგან ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მცირდება. თუმცა, მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, მიმდინარე წლის ბოლოს პოლარიზაციის მაჩვენებელი მაინც საგრძნობლად აღემატებოდა წინა წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს.
პოლარიზაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია თბილისსა და სხვა ქალაქებში, რასაც თან ახლდა მთავრობის მხრიდან ძალადობა დემონსტრანტების მიმართ. დაპირისპირების ამ უპრეცედენტო მწვერვალს წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მზარდი დაძაბულობა, რაც მოიცავდა არჩევნებისწინა დემონსტრაციებს და მიხეილ ყაველაშვილის, ყოფილი ფეხბურთელისა და ევროსკეპტიკური პარტიის „ხალხის ძალის“ თანადამფუძნებლის, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად სადავო წარდგენას.
ისტორიულად, წინასაარჩევნო პერიოდები მაღალი პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ინდექსი ხშირად პიკს აღწევდა არჩევნების დღეს დაძაბულობის ზრდისა და საჯარო დისკურსის გამწვავების ფონზე. თუმცა, ამ საარჩევნო ციკლმა მოლოდინები არ გაამართლა, რადგან როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე შესამჩნევად მშვიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზაციის ინდექსი მთლიანობაში სტაბილური რჩებოდა, ის კვლავ რეაგირებს კონკრეტულ მოვლენებზე და თვის განმავლობაში მერყეობას განიცდის.