გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. ეს განპირობებულია პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი იყო, ვითარების გაუარესება არის მოსალოდნელი. მართალია, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოსალოდნელზე მეტ ზრდას აჩვენებენ, თუმცა შესაძლოა 2023 წელს გლობალური ეკონომიკური აქტივობა (ტემპის ზრდა) შენელდეს. მიუხედავად ჩინეთის სწრაფი გახსნისა და აშშ-ში არსებული გაზრდილი მოხმარებისა, მაშინ, როცა ჩინეთში მდგომარეობის აღდგენა არის პროგნოზირებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპმა შესაძლოა დაიწიოს. 2022 წელს დაფიქსირებული 3,4%-დან გლობალური გამოშვების ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 2,8%-მდე შემცირდება. ეს 2001 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელია (2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის და COVID-19-ის პანდემიის კრიტიკული ფაზის შემდეგ) (სსფ, აპრილი 2023).
აღნიშნული გლობალური გამოწვევები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასაც შეეხო. 2023 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში პროგნოზირებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზომიერი ან მცირედი ზრდა: სომხეთში (+5,5 პპ), აზერბაიჯანში (+3 პპ), და თურქეთში (+2,7 პპ). გასაკვირი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მცირედით გაიზრდება რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც (+0,7% პპ). 2022 წელს დაფიქსირებული 4%-იანი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 3,9%-ით გაიზრდება წარმოების მოცულობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (EMDEs).